რეზონანსი
13.05.2026

„სწორედ ქართული ღირებულებებია ნაწილი იმ ევროპული ღირებულებებისა, რომელსაც ეფუძნება რეალური ევროპა,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს საბიბლიოთეკო ფონდის უძვირფასესი ნიმუშები - XVI-XVII საუკუნეში ევროპაში დასტამბული წიგნები, მათ შორის, საქართველოში დაცული ყველაზე ძველი ნაბეჭდი წიგნი, უნიკალური ინკუნაბულას - „წმინდა იერონიმეს ცხოვრება“ (1484 წ.) და ერაზმ როტერდამელის „საუბრები“ (1526 წ. ამსტერდამი).

დეპუტატის თქმით, წიგნების ის იშვიათი კოლექცია, რომელიც რუდუნებით შემოინახა უნივერსიტეტმა, ერის განათლებას უსვამს ხაზს. „მადლობა ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს, რომლებმაც იშრომეს, თავი დადეს და ღირსეულად შემოინახეს და დღემდე მოიტანეს ეს მემკვიდრეობა,“ - აღნიშნა მან.

„მოგესალმებით და მსურს მადლობა გადაგიხადოთ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ უნივერსიტეტის ფარგლებში ხდება ასეთი მნიშვნელოვანი და უნიკალური წიგნების გამოფენა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, როგორი უძველესია ქართველი ერი, როგორი კულტურის მატარებელია და რა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში კულტურას და განათლებას. მადლობა ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს, რომლებმაც იშრომეს, თავი დადეს, ღირსეულად შემოინახეს და დღემდე მოგვიტანეს ეს მემკვიდრეობა.

მე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე და მას შემდეგ აქ ვმუშაობ. აქ არის ჩემი მეორე სახლი - აქ გავიზარდე, დავიხვეწე პროფესიულად და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მახსოვს, შავ-ბნელი, სუსხიანი დღეები 90-იან წლებში, როდესაც არ იყო გათბობა, ელექტროენერგია, როდესაც სტუდენტები აუდიტორიებში ისხდნენ პალტოებით, ქუდებით და ხელთათმანებით წერდნენ კონსპექტებს. იმ დროს არ არსებობდა ქართულ ენაზე შესაბამისი სახელმძღვანელოები.

მიუხედავად ამ მძიმე პირობებისა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა შემოგვინახეს უნიკალური განძი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რა მნიშვნელობას ანიჭებდა ჩვენი წინაპარი განათლებას, რომელიც არის თავიდათავი ყველაფრის - ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი მომავლის, განვითარების და იმ კეთილდღეობის, რომლისკენაც ყველა ერთად მივისწრაფვით. მოგეხსენებათ, როგორ რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ, მიმდინარეობს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, ყოველდღიურად იცვლება ჩვენი ყოფა-ცხოვრება, არსებობს ელექტრო მატარებლები, ელექტრო წიგნები, თუმცა წიგნს არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.

მომავალ საქმიანობაში ყველას ვუსურვებ წარმატებას, მით უმეტეს ახალგაზრდებს, რომლებმაც უნდა ააშენონ სახელმწიფო, რომელიც ევროპულ ღირებულებებს კი არ ეფუძნება, არამედ ეფუძნება ქართულ ღირებულებებს. სწორედ ქართული ღირებულებებია ნაწილი იმ ევროპული ღირებულებებისა, რომელსაც ეფუძნება რეალური ევროპა. ევროპელმა და ქართველმა ხალხმა ერთად შევქმენით ეს ღირებულებები და სწორედ იმიტომ არის ჩვენთვის ორგანული, ასეთი ახლობელი და სასურველი ის, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს ვუწოდებთ. ჩვენ ერთად ვქმნით ჩვენს მომავალს და ვეფუძნებით განათლებას, იმ თვითმყოფადობას, რომელიც ასე რუდუნებით იქნა შემონახული ჩვენი უნივერსიტეტის კედლებში, ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლების დიდი თავდადებისა და შრომის ფასად,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×