
ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, სამ ქართულ მაუწყებელს, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
როგორც „იმედი“ იუწყება, „დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო, აღნიშნული მაუწყებლები ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იქნება წარმოდგენილი“.
„არხი მიიჩნევს, რომ მოლდოვის მთავრობის ეს გადაწყვეტილება პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმაა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც „იმედმა“ მოლდოვის მთავრობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის გასაშუქებლად აკრედიტაციისთვის მიმართა, თუმცა მოლდოვის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებელ ტელეკომპანია „იმედს“ არ უნდა მისცეს ღონისძიების გაშუქების საშუალება“, – აცხადებენ ტელეკომპანია „იმედში“ და ავრცელებენ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებას:
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიისთვის აკრედიტაციის მოთხოვნები კომპეტენტურმა ორგანოებმა განიხილეს. მოქმედი ეროვნული კანონმდებლობისა და მოლდოვის რესპუბლიკაში უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის შესაბამისად. აკრედიტაციის პროცესი ყველა განმცხადებლისთვის სტანდარტული შეფასების პროცედურას მოიცავს. ამ განხილვის შემდეგ თქვენი მოთხოვნა არ დადასტურდა. პატივისცემით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება ინდივიდუალური აკრედიტაციის შეფასებებთან ან შიდა განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით“, – აღნიშნეს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამასთან, ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, მიმართეს ევროპის საბჭოსაც, აპირებს თუ არა საბჭო საკითხის შესწავლას და მიიჩნევს თუ არა, რომ მოლდოვის ეს ნაბიჯი არის დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე თავდასხმა და მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, თუმცა ამ დრომდე ევროპის საბჭოსგან შესაბამისი პასუხი არ მიუღიათ.
ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, „იმედმა“ ოფიციალური წერილი მიიღო ევროპარლამენტისგან, რომლის თანახმად, „არხს ერთი წლის განმავლობაში ევროპის პარლამენტში საქმიანობა ეკრძალება. გადაწყვეტილება დაეფუძნა „იმედის კვირაში“ გასულ რეპორტაჟს, რასა იუკნევიჩიენესთან გასაუბრების მცდელობას და ასევე, სავარაუდოდ მეორე ფაქტი ეხება მარკეტა გრეგორევას მოთხოვნას, რომელიც ევროპარლამენტში ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის ყოფნამ გააღიზიანა და ეს არც კი დამალა „იმედის“ კამერის წინ“.
„იმედის“ ცნობით, 22 აპრილს მიღებული ოფიციალური გაფრთხილების შემდეგ, წერილობით მიმართეს შესაბამის სამსახურს, დამატებით განემარტათ, რას არღვევდნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტები, თუმცა განმარტება არ მიუღიათ.
„შესაბამისად, ჩვენთვის გაურკვეველი დარჩა, რა ქმედება ჩაითვალა წესებთან შეუსაბამოდ და რა კონკრეტული სტანდარტის დაცვა იყო საჭირო მოცემულ ვითარებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, გვინდა, გამოვხატოთ შეშფოთება მიღებული გადაწყვეტილების პროპორციულობასთან დაკავშირებით. ერთწლიანი შეზღუდვა წარმოადგენს განსაკუთრებით მკაცრ ზომას, რომელიც არსებით გავლენას ახდენს მედიის შესაძლებლობაზე, გააშუქოს ევროპარლამენტის საქმიანობა. მიგვაჩნია, რომ მსგავს შემთხვევებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროპორციულობის პრინციპის დაცვას, მათ შორის იმ გარემოების გათვალისწინებას, რომ 22 აპრილის გაფრთხილების შემდეგ ჩვენ თავად მოვითხოვეთ დამატებითი განმარტებები. როგორც მედიაორგანიზაცია, ჩვენ ვასრულებთ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების ფუნქციას. ევროპარლამენტის საქმიანობის გაშუქება წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხს, ხოლო ჟურნალისტებისთვის წვდომის ხანგრძლივი შეზღუდვა გავლენას ახდენს არა მხოლოდ კონკრეტული მედიის საქმიანობაზე, არამედ საზოგადოების შესაძლებლობაზე, დროულად და სრულყოფილად მიიღოს ინფორმაცია ევროპული დემოკრატიული ინსტიტუტების მუშაობის შესახებ“, – აცხადებენ ტელეკომპანია „იმედში“.