რეზონანსი
13.05.2026

ეკლესია შეეცდება, მონახოს ფორმები, რომ შერიგებისკენ ნაბიჯები გადაიდგას , - შესაბამისი განცხადება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა.

მიტროპოლიტმა უპასუხა აქციების ფარგლებში დაკავებული პირების შეწყალების საკითხზე დასმულ კითხვაზე და განაცხადა, რომ ეკლესიის მხრიდან საკითხის დაყენება მნიშვნელოვანია.

„ერთია ჩვენი ემოციური, ქრისტიანული თხოვნა, რომ შევიწყალოთ დამნაშავე - უბრალოდ შევიწყალოთ, შეიძლება, ასეთი რამ წმინდა ქრისტიანული პოზიციებიდან იყოს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მაინც სახელმწიფო სეკულარულია, შეიძლება, ეს პრინციპი ასე მარტივად ვერ განახორციელოს. ვფიქრობ, რომ ეკლესიის მხრიდან საკითხის დაყენება ყოველ შემთხვევაში მაინც მნიშვნელოვანია, რადგან სახელმწიფო შეეცდება, რომ რაღაც ფორმები გამონახოს“ , - განაცხადა მეუფე დანიელმა.

მიტროპოლიტმა ისაუბრა საზოგადოებაში არსებულ პოლარიზაციის ხარისხზე და აღნიშნა, რომ განსხვავებული პოზიციები აუცილებელია, თუმცა მხარეების მხრიდან ერთმანეთის მოღალატედ აღქმა, არის კატასტროფა, რადგან - შეუძლებელია დიალოგი თუ გამოვრიცხავთ მეორე ადამიანში რაიმე ღირსებას“.

მეუფე დანიელის თქმით, საპატრიარქომ უნდა მოუწოდოს საზოგადოებას, რომ არ შეიძლება სიძულვილის ენით საუბარი.

„საერთოდ, შერიგებისთვის აუცილებელია, რომ გავიაზროთ: საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, (ძალიან მცირეა, რომელიც თავის თავს რომელიღაც ბანაკში არ აღიქვამს) სამწუხაროდ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, უმრავლესობა, აღიქვამს თავს ერთ ან მეორე მხარეს. განსხვავებულ პოზიციებზე დგომა შეიძლება საშიში კი არა, სასარგებლოც იყოს საზოგადოებრივი განვითარებისთვის და შემოქმედებითი თვალსაზრისით, ჭეშმარიტება კამათში იბადება, მაგრამ თუ კამათი იღებს კატეგორიულ, რადიკალურ ფორმებს, აგრესიულ ფორმებს რასაკვირველია არ შეიძლება იყოს სარგებლობის მომტანი.

მეჩვენება, რომ ტელევიზიებმა, საპატრიარქომ უნდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ არ შეიძლება სიძულვილის ენაზე ლაპარაკი , არ შეიძლება ერთმანეთის მოღალატედ გამოცხადება. ორი ბანაკია და აბსოლუტური უმრავლესობა მეორე მხარეს აღიქვამს მოღალატედ - ერთმანეთს აღიქვამენ მოღალატედ, ასე ძახილი ერთმანეთისთვის, რომ „შენ მოღალატე ხარ“, მგონი, არის კატასტროფა, რადგან შეუძლებელია დიალოგი თუ გამოვრიცხავთ მეორე ადამიანში რაიმე ღირსებას“, - განაცხადა მიტროპოლიტმა და დასძინა: „ეკლესია შეეცდება, მონახოს ფორმები, რომ შერიგებისკენ ნაბიჯები გადაიდგას“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×