რეზონანსი
14.05.2026

 საქართველოს პარლამენტის წევრების იტალიაში ვიზიტი გრძელდება. ნიკოლოზ სამხარაძე და თორნიკე ჭეიშვილი სენატის თავდაცვისა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ.

ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, უსაფრთხოება, საქართველოს ევროინტეგრაცია და ქვეყნის როლი დაკავშირებადობის პროექტში - მხარეებმა ამ თემებზე გაამახვილეს ყურადღება.

ქართველმა დეპუტატებმა დღესვე მონაწილეობა მიიღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხებოდა.

კონფერენციის მთავარი თემა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს დაეთმო.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით და ეს გამოცდილება იტალიელ კოლეგებს გაუზიარეს.

"ჩვენ შევეხეთ უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო როლს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას, ამ მხრივ იტალიის ინტერესი ძალიან დიდია. ასევე, დღის მეორე ნახევარში, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ იტალიის პარლამენტში გამართულ კონფერენციაში, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულს, კერძოდ კი ნარკოტიკებთან ბრძოლას ეხება, ამ მხრივ საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს და ჩვენს კოლეგებს სწორედ ამის შესახებ ვაცნობეთ," - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×