რეზონანსი
15.05.2026

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფორმატში შეხვედრა საქართველოსთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა, მონაწილე ქვეყნებთან ერთად ვისაუბროთ საკითხებზე, რომელიც აწუხებს საქართველოს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მოლდოვაში განაცხადა.

„პირველ რიგში, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი კოლეგა მინისტრები შესაბამისად იყვნენ ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით ვითარდება, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე. ასევე, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ გამოვეხმაუროთ იმ დამოკიდებულებას, რომელიც არსებობს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ. როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, შეუძლებელია, თვალი დავხუჭოთ ორმაგ სტანდარტებზე, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით გამოიყენება“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ქართული მაუწყებლების შესახებ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე.

„შემაშფოთებელი იყო ნამდვილად იმ ფაქტის ნახვა, რომ საქართველოს სამ ტელევიზიას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, ვერ შეძლეს პროფესიული საქმიანობის განხორციელება და მინისტერიალის გაშუქება. ეს ნამდვილად საყურადღებო ფაქტია და იმსახურებს, რომ ორგანიზაციის წევრებმა იცოდნენ ამის შესახებ 0 რამდენად შეიძლება, ადგილი ჰქონდეს ორმაგ სტანდარტებს მაშინ, როდესაც საუბრობენ მედიისა და სიტყვის თავისუფლებაზე. შესაბამისად, ეს ფაქტი უყურადღებოდ ვერ დარჩებოდა ჩემი გამოსვლისას. ასევე, როდესაც საუბარია ხალხის მხარდაჭერაზე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება პირველ რიგში, წარმოადგენს ნებისმიერი საზოგადოების, ნებისმიერი ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს. ამაზეც შეუძლებელია, არ გავამახვილოთ ყურადღება იმ დამოკიდებულების ფონზე, რომელიც ევროსაბჭოს ზოგიერთ წევრ ქვეყანას აქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

ამასთან, არჩევნები არის ის, რაც, პირველ რიგში, განსაზღვრავს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებას. როდესაც ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, შეუძლებელია, ერთი მხრივ, ვსაუბრობდეთ დემოკრატიულ უკუსვლაზე და, მეორე მხრივ, იგივე ქვეყნები და იგივე ხალხი ახალისებდნენ რადიკალურ ძალებს ქვეყანაში, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ, არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ზოგადად, ეწინააღმდეგებიან დემოკრატიის პრინციპებს. ამიტომ, ასეთი ორმაგი სტანდარტი და დამოკიდებულება ყოველთვის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, შეიძლება, ეს ყველასთვის სასიამოვნო მოსასმენი არ იყოს, მაგრამ ეს არ არის შეკრება, სადაც მხოლოდ სასიამოვნო საკითხებზე უნდა ვისაუბროთ. მნიშვნელოვანია, ყველა კრიტიკულ საკითხზე იყოს ყურადღება გამახვილებული“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×