რეზონანსი
19.05.2026

ერის სულიერ მამად ახლადგამორჩეული პატრიარქის ქადაგება მისი შინაარსით, მთლიანად ეფუძნებოდა ქართველი ერის გადარჩენის, გამრავლების და გაძლიერების მიზანს! შესაბამისად, ცხადი იყო, რომ ეს ძალიან გააბრაზებდა ჩვენი გადაშენების და საქართველოს დამორჩილების მსურველ ძალებს, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ქვეყნის მტრები შეშინდნენ და აამუშავეს სრულიად აგენტურული ქსელი, შესაბამისად, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს პატრიარქის სიტყვა რამენაირად ეხებოდა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს და ამ ცრუ მოტივით შიო მესამეს თავს ესხმიან.

„წლევანდელი 17 მაისის საოცარი შეკრების გვირგვინი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო III-ის ქადაგება იყო. სიამაყისა და იმედის განცდა დამეუფლა, როდესაც სამების ტაძრის კიბეებზე ათიათასობით ადამიანთან ერთად, უწმინდესის სიტყვას ვუსმენდი.

იმავდროულად, ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ ამ მტკიცე - ქართულ, ქრისტიანულ სიტყვას დიდი შეტევა მოჰყვებოდა ჩვენი ქვეყნის მტრების მხრიდან, რადგან ერის სულიერ მამად ახლადგამორჩეული პატრიარქის ქადაგება მისი შინაარსით, მთლიანად ეფუძნებოდა ქართველი ერის გადარჩენის, გამრავლების და გაძლიერების მიზანს! შესაბამისად, ცხადი იყო, რომ ეს ძალიან გააბრაზებდა ჩვენი გადაშენების და საქართველოს დამორჩილების მსურველ ძალებს.

პატრიარქის ქადაგებამ ბევრ კითხვას გასცა პასუხი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გასაგონად მკაფიოდ გამოხატა ერისა და ბერის საერთო სათქმელი, რომ არ იქნება უკან დახევა, სადაც საქმე ეხება - ჩვენს ოჯახებს, ჩვენს შვილებს, უდიდესი ისტორიის, მდიდარი კულტურის მქონე ერის გადარჩენას და მის მომავალს, ერის, რომელმაც საუკუნეების მანძილზე არაერთი იმპერიის შემოსევა, ბატონობა და ნგრევა გამოიარა, თუმცა საკუთარი იდენტობა, ენა და სახელმწიფოებრიობა დღემდე მოიტანა.

სწორად შეშინდნენ და აამუშავეს სრულიად აგენტურული ქსელი, აბსოლუტურ ტყუილს ავრცელებენ თითქოს პატრიარქის სიტყვა რამენაირად ეხებოდა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს და ასე, სიცრუით და სიბინძურით ესხმიან თავს.

გადახედეთ თუ ვინ წერს, ვინ ლაპარაკობს, ვინ აქტიურობს და კიდევ ერთხელ დარწმუნდებით რამდენად ზუსტი, დროული და საჭირო იყო ის, რაც უწმინდესმა ბრძანა ჩვენთვის ამ საკრალური მნიშვნელობის დღის შემაჯამებლად.

ისინი ბრძოლას და მტრობას არ შეწყვეტენ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ვინც 17 მაისის ამ დიდი ფიზიკური და სულიერი ერთობის ნაწილია, ზუსტად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ვერაფერს გახდებიან!“ - წერს ვატო შაქარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×