რეზონანსი
19.05.2026

არ აქვს მნიშვნელობა საჩივარი როდის გაიგზავნა, მთავარია ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა წელს, გადაწყვეტილება დღეს გამოქვეყნდა, - ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა საიას გამოხმაურება სტრასბურგის სასამართლოს საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

ბექა ძამაშვილის თქმით, საიას არგუმენტი, რომ გადაწყვეტილება მიღებულია 2023 წლის კონტექსტში, როდესაც საქმე სასამართლოში გაიგზავნა, ლოგიკას მოკლებულია.

„რა მნიშვნელობა აქვს 2023 წელს შევიდა თუ არა საჩივარი?! დღეს ამბობს ევროპული სასამართლო, რომ გამოხატვის ასეთი ფორმა არის მიუღებელი.

მეორე, ზოგადად აქვთ ხოლმე მცდელობები, რომ თითქოს ცდილობენ საჩივარი მოარგონ კონკრეტულ ეპიზოდს, კონკრეტულ ვითარებას. ევროპულმა სასამართლომ არაერთი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ეს არ არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც შეიძლება აჰყვეს კონკრეტულ ვითარებაში არსებულ პოლიტიკურ განწყობებს, ან ვიღაცის სურვილებს. ეს არის სამართალზე დაყრდნობილი პრეცედენტების შემქმნელი სასამართლო, შესაბამისად ევროპული სასამართლო 2023 წელს, 2013-სა თუნდაც 2033 წელსაც იტყოდა იმავეს - როდესაც გამოხატვა არის შეურაცხმყოფელი, მიზნად ისახავს სხვის დამცირებას და მიმართულია აგრესიული ფორმით, ეს არის დაუშვებელი, ეს წერია ევროპულ კონვენციაში, შესაბამისად წლებით თამაშის მცდელობა შეიძლება იყოს თავის გამართლების მცდელობა“, - აღნიშნა ძამაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა, რომ თანამდებობის პირთა მიმართ საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და უცენზურო განცხადებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ ფარგლებს სცდება.

საია სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია 2023 წლის კონტექსტში, როდესაც საქმე გაიგზავნა სასამართლოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×