რეზონანსი
19.05.2026

 "გამოხატვის კრიტიკული ფორმა იქნება დაცული, მაგრამ როდესაც ეს კრიტიკული ფორმა უკვე იღებს ისეთ ხასიათს, რომ მიზნად ისახავს კონკრეტული ინდივიდების დამცირებას, შეურაცხყოფას, დაშინებას, მასზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება," - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „დღის ქრონიკაში" საუბრისას განაცხადა.

ბექა ძამაშვილმა „საინტერესო დამთხვევა" უწოდა იმ ფაქტს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება საქმეზე - „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ" - დროში დაემთხვა ინიციატივას შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დეპარტამენტის შექმნის შესახებ, რომლის ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიების, აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება იქნება.

"ახალი ინიციატივაც მიზნად ისახავს იმას, რომ გამოხატვის კრიტიკული ფორმა იქნება დაცული, მაგრამ როდესაც ეს კრიტიკული ფორმა უკვე იღებს ისეთ ხასიათს, რომ მიზნად ისახავს კონკრეტული ინდივიდების დამცირებას, შეურაცხყოფას, დაშინებას, მასზე სახელმწიფოს ექნება რეაგირება... კანონი, რომელზე დაყრდნობითაც უნდა იმოქმედოს შსს-ს ახალმა დეპარტამენტმა, შეაფასა დღეს ევროპულმა სასამართლომ და თქვა, რომ რეგულირება არის შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან".

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

"სოციალური ქსელი, ერთი მხრივ, არის კარგი საშუალება, რომ ადამიანს გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაში დაეხმაროს. თუმცა, რამდენადაც ამ ფორმით ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ფართო აუდიტორიას მისწვდეს, თუ გამოხატვა არის არასწორი ფორმით, სხვა ადამიანის უფლებების დარღვევის რისკები უფრო მომატებულია. დღევანდელ გადაწყვეტილებაში ეს ძალიან მკაფიოდ აღნიშნა ევროპულმა სასამართლომ", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×