რეზონანსი
19.05.2026

 საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ პეკინიდან სიანში გადაინაცვლა, ქალაქში რომელიც ჩინეთის უმნიშვნელოვანესი კულტურული, ისტორიული და ეკონომიკური ცენტრია, აქვს სტრატეგიული დატვირთვა, რადგან სწორედ აქ იწყება სი ძინ პინის საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პროექტი - "ერთი სარტყელი ერთი გზა", რომლის ნაწილიც საქართველოცაა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, უმაღლესი დონის ხელმძღვანელობასთან, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა.

"პეკინში გვქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები უმაღლესი დონის ხელმძღვანელობასთან, როგორც ჩინეთის სახალხო კრების, ასევე საკონსულტაციო ასამბლეის. ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ვიზიტი გრძელდება ქალაქ სიანში, შანსის პროვინციაში, რომელიც სწორედ ის ადგილია, საიდანაც დაიწყო აბრეშუმის გზა. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და მის ფუნქციონირებაზე, მისი პოტენციალის სრულად ათვისებაზე, მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი ვიზიტი სწორედ სიანში შეხვედრებით სრულდება და აქ განვიხილავთ სხვადასხვა შესაძლებლობას, როგორ შეიძლება საქართველოსთვის სასარგებლო ინიციატივები წამოვიღოთ," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

უძველესი დედაქალაქი ჩინეთის დასავლეთის მიმართულების ეკონომიკური და სატრანზიტო ჰაბია, სადაც ვაჭრობას საფუძველი ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში ჩაეყარა. საქართველომ კი ამ გზით სტრატეგიული გეოპოლიტიკური უპირატესობა ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის და მისი ვაჟის დაჩის დროს შეიძინა. ჩინეთს ახლაც ისევე სჭირდება ეს გზა როგორც საუკუნეების წინ. მსოფლიოში მიმდინარე ომებმა კი შუა დერეფანი ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო ჰაბად აქცია. კიდევ ერთი დეტალი: სიანის მშრალი პორტიდან ევროპისკენ მიმავალი მატარებლები ფოთისა და ბათუმის პორტებამდე 12-დან 16 დღემდე ჩამოდიან მაშინ, როდესაც საზღვაო გზით იმავე ტვირთის გამოგზავნას თითქმის ორი თვე სჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×