რეზონანსი
20.05.2026

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს. ოგორც პარტიის წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა, დღემდე უპასუხოდაა დარჩენილი კითხვები, რომლებიც აბიტურიენტებს აქვთ და მინისტრი ვალდებულია, საკანონმდებლო ორგანოდან მათ ამომწურავი პასუხები გასცეს.

„პირველ რიგში, ვულოცავ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარის დღეს. ეს არის განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში - პერიოდი, როდესაც ახალგაზრდებმა უნდა გააკეთოთ არჩევანი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს არა მხოლოდ თქვენს მომავალსა და ცხოვრების გზას, არამედ სახელმწიფოს მომავალსაც. დღეს ჩვენს აბიტურიენტებს სჭირდებათ გამხნევება და მხარდაჭერა, რათა გადაწყვიტონ, სად სურთ სწავლის გაგრძელება, თან დაძაბული საგამოცდო პერიოდიც წინ აქვთ. ისედაც სტრესული გარემოს ფონზე, „ოცნების“ ხელისუფლება, შემსუბუქების ნაცვლად, კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობაში და ქაოსში ამყოფებს ჩვენს ახალგაზრდებს.

მათ არ აქვთ პასუხები ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე: შეძლებენ თუ არა სწავლას მათ მიერ არჩეულ უნივერსიტეტში, რამდენწლიანი იქნება სასწავლო პროგრამები, რა დაუჯდება სახელმწიფოს მათი განათლება, მოუწევთ თუ არა ქალაქის შეცვლა და თუ მოუწევთ, როგორ შეძლებენ სხვა ქალაქში ცხოვრებასა და სწავლის გაგრძელებას? ეს კითხვები დღემდე უპასუხოდ რჩება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის“ ინტერპელაციის წესით ვიბარებთ განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს, რომელიც ვალდებულია, მოვიდეს საკანონმდებლო ორგანოში და საზოგადოებას ამომწურავი პასუხები გასცეს. ჩვენ უკვე გავაგზავნეთ კითხვები, რომლებიც ეხება: განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას, ზოგად განათლებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების მომავალს“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ამასთან, ტატა ხვედელიანის განცხადებით, თითქმის ყოველდღიურად, „ოცნების“ დავალებით, უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად მისულ ახალგაზრდებს პოლიცია აკავებს ტროტუარზე დგომის გამო.

„ეს არის ის ძალადობრივი და რეპრესიული მიდგომა, რომელიც „ოცნებამ“ დაამკვიდრა ქვეყანაში. ახლა კი, „ნაცების“ ციხეების უფროსის ხელით, რეპრესიებს ახორციელებს საგანმანათლებლო სივრცეებში, ვინაიდან რეპრესიების მოწყობა ვის გამოუვა გამოცდილ მიქანაძეზე უკეთ?“, - აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×