
2025 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მაღალი რანგის 13 მოხელის მიმართ, მათ შორის, საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, საქართველოს პარლამენტის 6 წევრის და სხვა მაღალი რანგის მოხელეთა მიმართ. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია საუბარი.
„2025 წელს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები აქტიურად მუშაობდნენ საჯარო დაწესებულებებში მაღალი თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი სამოხელეო და კორუფციული დანაშაულების გამოვლენაზე“,- ვკითხულობთ ანგარიშში.
რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულებს, უწყების ანგარიშის თანახმად, მაღალი რანგის მოხელეთა მიმართ დაწყებულ დევნის ფაქტები, შემდეგ მუხლებს ეხებოდა:
ქრთამის აღება - 6;
საბოტაჟი - 6;
უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება - 3;
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება - 1;
სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - 1.
რაც შეეხება ზოგადად საჯარო მოხელეებს, უწყების სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა ყველაზე ხშირად დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე (თაღლითობა), 194-ე (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია), 362-ე (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება), 182-ე (მითვისება-გაფლანგვა) და 157 (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) მუხლებზე.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2025 წელს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 314 პირის, მათ შორის, 24 იურიდიული პირის მიმართ. ხოლო გამამართლებელი განაჩენი დადგა 7 პირის მიმართ.
წყარო: bpn