რეზონანსი
20.05.2026

(რეზონანსი) პეკინში, სახალხო კრებების სასახლეში, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა  მოლაპარაკებები გამართა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელიც ჩინეთს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. შეხვედრის მთავარი შედეგი ჩინეთსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მოქმედების ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება გახდა.

ორივე ქვეყნის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინურ-რუსული ურთიერთობები ბოლო ათწლეულებში უპრეცედენტოდ გაღრმავდა. სი ძინპინის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და მრავალმხრივ თანამშრომლობას. მისი თქმით, პეკინი და მოსკოვი გააგრძელებენ თანამშრომლობის გაძლიერებას ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში.

ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებმა „დროის გამოცდას გაუძლო“ და დღეს, საერთაშორისო არასტაბილურობის ფონზე, ერთ-ერთ მთავარ სტაბილიზაციის ფაქტორს წარმოადგენს. მისი თქმით, მოსკოვი მზად არის პეკინთან ერთად გააძლიეროს კოორდინაცია ისეთ საერთაშორისო ფორმატებში, როგორიცაა გაერო, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ბრიქსი და აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ფორუმი.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესახებ. ასევე გაფორმდა 20 შეთანხმება ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის თაობაზე.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური დახვედრის ცერემონია. პუტინს სამხედრო პატივი მიაგეს, შესრულდა ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი და გაიმართა ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის საპატიო ყარაულის აღლუმი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×