რეზონანსი
22.05.2026

ნატო-ში კარგად ესმით, რომ ევროპაში ამერიკული ჯარების განლაგება გადაიხედება, ეს პროცესი მოკავშირეებთან კოორდინაციით მიმდინარეობს, შესაძლოა, ისინი აღფრთოვანებულები არ იყვნენ, მაგრამ ამის შესახებ იციან, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. 

ჟურნალისტების კითხვაზე, იგეგმება თუ არა ევროპაში ამერიკული სამხედრო წარმომადგენლობის შემცირება, რუბიომ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს გლობალური სამხედრო ვალდებულებები აქვს, ამიტომ მუდმივად აფასებს, სად უნდა განათავსოს ძალები. მისივე თქმით, ბოლო თვეებში მოკავშირეებს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე ნებისმიერი გადაწყვეტილება უფრო ფართო კონტექსტში აღიქმება, თუმცა ეს პროცესი პოლიტიკურ კონფლიქტთან პირდაპირ კავშირში არ არის.

„ნატო-ში კარგად ესმით, რომ ევროპაში ამერიკული ჯარების განლაგება გადაიხედება. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობდა და მოკავშირეებთან კოორდინაციით ხორციელდება. შესაძლოა, ისინი აღფრთოვანებულები არ იყვნენ, მაგრამ ამის შესახებ იციან“, - განაცხადა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ს ვალდებულებები აქვს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთსა და დასავლეთ ნახევარსფეროშიც, რის გამოც რესურსების გადანაწილება აუცილებელია. რუბიოს თქმით, ნატო-ს მომავალ სამიტამდე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება იმის ახსნა, რატომ არის ალიანსი მნიშვნელოვანი თავად ამერიკისთვისაც.

„ნატო ევროპისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ღირებული უნდა იყოს ამერიკისთვისაც. აშშ-ში ყოველთვის არსებობდა დებატები ნატო-ში ჩვენი როლისა და წვლილის შესახებ“, - განაცხადა რუბიომ.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ევროპაში არსებული სამხედრო ბაზები აშშ-ს ლოგისტიკურ შესაძლებლობებს აძლევს, თუმცა როდესაც გარკვეული ბაზები კონფლიქტის დროს მიუწვდომელი ხდება, ჩნდება კითხვები მათი პრაქტიკული ღირებულების შესახებ. მისივე თქმით, ნატო-ს შიგნით კვლავ არსებობს განსხვავება თავდაცვით ხარჯებში - ზოგი ქვეყანა სამხედრო ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ზრდის, ზოგი კი კვლავ ჩამორჩება.

„საბოლოო მიზანია ძლიერი ნატო. რაც უფრო ძლიერები იქნებიან ჩვენი მოკავშირეები, მით უფრო ძლიერი იქნება თავად ალიანსიც“, - განაცხადა რუბიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×