
ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზის მსგავსად, სომხეთიდან ექსპორტისა და იმპორტისთვის უკვე ღიაა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
სომხეთს მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ეს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში დიდი მოვლენაა.
„მადლობა ჩვენს პარტნიორებს თურქეთსა და საქართველოში“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.
ფაშინიანის თქმით, დღეს სომხეთს რკინიგზით კავშირი აქვს რუსეთთან საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით და ჩინეთთან რუსეთისა და ყაზახეთის ტერიტორიის გავლით, ამჟამად კი მას ასევე აქვს რკინიგზით კავშირი ევროკავშირთან საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიის გავლით.
„უახლოეს მომავალში მოხდება სომხეთ-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის და შემდეგ ნახჭევანის გავლით სომხეთ-ირანის რკინიგზის გახსნა. ამ მოვლენებს უახლოეს მომავალში „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელების შედეგად ვიხილავთ“, – აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.