
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში არსებულ „პროგრესს" მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ „ირანს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება არ უნდა მიეცეს".
სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ მომავალმა შეთანხმებამ კონფლიქტის „რეალური დეესკალაცია" უნდა უზრუნველყოს და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის „სრული და თავისუფალი გადაადგილება" გარანტირებული გახადოს ყოველგვარი დამატებითი გადასახადების გარეშე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანმა უნდა „შეწყვიტოს რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია", როგორც პირდაპირ, ისე თავისი პროქსი-ჯგუფების მეშვეობით და მეზობელ, ყურის ქვეყნებზე „განმეორებად თავდასხმებზე" უარი თქვას.
„ევროპა კვლავაც გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, რათა ეს მომენტი გრძელვადიანი დიპლომატიური გადაწყვეტისთვის იყოს გამოყენებული", - წერს ფონ დერ ლაიენი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებებში „მნიშვნელოვანი პროგრესის" შესახებ განაცხადა.