
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია ექვსი პირი და სწორედ ეს არის აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი.
შალვა პაპუაშვილმა ამ განცხადებით უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, სოფიო ხორგუანს, რომელმაც აღნიშნა, რომ იმედი ჰქონდა, შალვა პაპუაშვილი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პლენარულ სხდომაზე გამოსვლას გორში მომხდარი ფაქტის დაგმობით დაიწყებდა.
შალვა პაპუაშვილმა სოფიო ხორგუანს მიმართა, რომ მისი პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია, რომელიც სწორედ მოქალაქეებზე ძალადობის გამოა ბრალდებული, მიმალვაში იმყოფება.
„მგონი, ადევნებთ თვალყურს, ამ ქვეყანაში ცხოვრობთ თქვენც, პარლამენტი არ გჭირდებათ იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღოთ. როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას. აკანკალებული ხმით საუბარი თქვენს ყალბ პათეტიკას კიდევ უფრო ავლენს. რაც შეეხება სახელმწიფოს, ექვსი ადამიანი დაკავებულია, სწორედ ეს არის სახელმწიფოს პასუხი და არა ის ყალბი პათეტიკა, რომელიც თქვენ გაქვთ.
შეგახსენებთ, თქვენი პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია იმყოფება მიმალვაში გერმანიაში, ის შეიფარა უცხო ქვეყანამ, ადამიანი, რომელმაც ზუსტადაც საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა ისე, რომ დააზიანა მოქალაქეები. ის მიეცა პასუხისგებაში და არის მიმალვაში. ამიტომ, თქვენი აკანკალებული ხმა თუ რაიმე გულწრფელ ემოციებს შეიცავს, თქვენი პარტიის თავმჯდომარე ჩამოიყვანეთ საქართველოში, ჩაჯდეს იქ და პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე იმ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით, რომელზეც ბრალდება აქვს წარდგენილი. ზუსტად ამისთვის – მოქალაქეებზე ძალადობის გამო არის ის ბრალდებული და იმყოფება მიმალვაში. ვინ ვინ და ამას არ უნდა საუბრობდეს თქვენი პარტია, რომლის თავმჯდომარეც არის ადამიანი, რომელიც იყო პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თუ არ ვიცი, როგორი ბრალი აქვს წარდგენილი“, – მიმართა პაპუაშვილმა სოფიო ხორგუანს.
მანამდე, სოფიო ხორგუანმა განაცხადა, რომ გორში მოხდა საზარელი ფაქტი, როდესაც სისტემა გახდა ანგარიშსწორების მექანიზმი ერთი კონკრეტული კანონმორჩილი ადამიანის დასასჯელად.
„იმედი მქონდა, ამით დაიწყებდით დღევანდელ გამოსვლას. რა შეიძლება, დღეს იყოს ამაზე მნიშვნელოვანი, რომ მოქალაქეები სისტემისგან დასაცავი კი არ გვყავდეს, სისტემა იცავდეს მოქალაქეებს“, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა.
პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით ექვსი პირი დააკავა.