რეზონანსი
28.05.2026

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ჩემი წარსული და ჩემი საქმიანობა. არასოდეს არ ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თვითონ ჰყავთ მეექვსე ნომრად ზაზა თავაძე, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო, იუსტიციის მინისტრობის დროს და ამაზე რატომ არ იღებენ ხმას? - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის რეპლიკას, რომელიც მიქანაძის წარსულ თანამდებობას შეეხებოდა.

მისი თქმით, გახარიას გუნდის მხრიდან მისთვის ზურაბ ადეიშვილის მოადგილეობაზე საუბარი უსუსური ბრალდებებია.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ჩემი წარსული და ჩემი საქმიანობა. არასოდეს არ ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ყბადაღებული თემაა და უკვე მომბეზრდა ამაზე საუბარი, რომ ვითომ მე ოდესღაც ვიყავი ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. არასოდეს არ ვყოფილვარ მისი მოადგილე და ამის გადამოწმებაც უმარტივესია, უბრალოდ კონკრეტული პირების ინტერესებში არ შედის. თვითონ ჰყავთ მეექვსე ნომრად ზაზა თავაძე, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო იუსტიციის მინისტრობის დროს და ამაზე რატომ არ იღებენ ხმას? აღარ ვუთხარი, რადგან მოცვეთილი და აზრს მოკლებული თემაა.

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და მათ ვერ წარმოუდგენიათ ის, რომ ადამიანი, რომელიც ხალხს და ქვეყანას ემსახურებოდა, შეიძლება კეთილსინდისიერად ემუშავა იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც ვმუშაობდი. დღემდე ვამბობ, რომ ყველა ჩემს მოქმედებაზე, საქმიანობაზე იმ პერიოდში მე პასუხისმგებელი ვარ და არასოდეს არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. ერთადერთი პოლიტიკური გუნდის წევრი, რისიც ვარ და ვიქნები, ეს არის „ქართული ოცნების“ გუნდი და პოლიტიკური ურთიერთობა სწორედ ამ ოჯახთან მაკავშირებს იმიტომ, რომ ღირებულებითი ნაწილი ჩემი „ქართულ ოცნებასთან“ არის. ეს არის, როგორ გითხრათ რა, უსუსური ბრალდებები, რომელსაც ჩვენ ამ ადამიანებისგან ვისმენთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×