რეზონანსი
28.05.2026

დღეს, სასამართლოში გამოიკითხა მეწარმე, რომელმაც ქრთამის სახით მილიონნახევარი ლარი შუამავალს გადასცა. გამოძიების ინფორმაციით, შუამავალი მეწარმეს დაჰპირდა, რომ სამომავლოდ ტენდერებში კონკურენტი არ ეყოლებოდა და არც სახელმწიფოსთან შეექმნებოდა ხელოვნური პრობლემები.

როგორც საქმის პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი „ტვ პირველთან“ აცხადებს, აღნიშნული შუამავალი პირი აუცილებლად დაიკითხება სასამართლოში. ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, მოწმე დაადასტურებს, რომ მილიონნახევარი ქრთამის პირდაპირ გრიგოლ ლილუაშვილს გადაეცა. მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, საქმეში ქრთამის გადაცემის ორი ეპიზოდია - ერთი მილიონნახევარი ლარი, ხოლო  მეორე მილიონი დოლარის ოდენობის.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეპიზოდთან მიმართებით მეწარმე, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და მას გარკვეული სამუშაოები  უნდა შეესრულებინა გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, მასთან მიმართებითაც მოთხოვნილი იქნა ქრთამი - მილიონნახევარი ლარის ოდენობით. მოწმემ დაადასტურა, რომ ეს ქრთამი მისი მხრიდან უშუალოდ იქნა გადაცემული შუამავალი პირისათვის. რა თქმა უნდა, ეს შუამავალი პირიც დაიკითხება სასამართლოში და გამოკითხვის ოქმიდან გამომდინარე, მე მაქვს მოლოდინი, რომ ის დაადასტურებს, რომ პირდაპირ გრიგოლ ლილუაშვილს გადაეცა ეს თანხა. 

მოწმისთვის განმარტებული იყო, რომ იმისათვის, რომ სამომავლოდ მას არ გაწელოდა ტენდერი, არ შეექმნათ ხელოვნული პრობლემები სახელმწიფო ინტერესებისათვის, საჭირო იყო, რომ ეს თანხა გადაეცათ და ასეთ შემთხვევაში, ის მიიღებდა მფარველობას თანამდებობის პირის სახით. ასეთი განმარტება ჰქონდა ამ ადამიანს გაკეთებული. ორი ეპიზოდია, ერთ ეპიზოდზე დღეს მოწმე დაიკითხა და მასთან მიმართებით მილიონნახევარი ლარის ოდენობით თანხის გადაცემა. მეორე ეპიზოდს რაც შეეხება, იმ შემთხვევაში, მეწარმის მიერ გადაცემული არის ერთი მილიონი დოლარი“, - აცხადებს მარიამ ბერძენიშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×