რეზონანსი
28.05.2026

 ღვინის ქარხანა №1, რომელიც XIX საუკუნის ეროვნულ არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს და რომლის მშენებლობაც ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა დააფინანსა, ისტორიის წერას განაგრძობს - დღეიდან მის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება.

ღვინის ენოთეკა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ეროვნულ სააგენტოს სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ და უვადოდ გადასცა. ენოთეკა, რომელიც ისტორიულ კომპლექსში მდებარეობს, საუკუნოვან მემკვიდრეობას ინახავს და ქართული მეღვინეობის მნიშვნელოვან საგანძურს წარმოადგენს.

თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ უბანში მდებარე ისტორიული ენოთეკის სრულფასოვანი შესწავლა, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ენოთეკაში დაცული თითოეული ნიმუში საქართველოს კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კვლევის შედეგად მიღწეული ახალი აღმოჩენები საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს სტატუსს უფრო მეტად განამტკიცებს. წინასწარი მონაცემებით, ენოთეკაში დაახლოებით 20 ათასამდე საკოლექციო ბოთლი ინახება, ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველებით, როგორც ქართული, ისე უცხოური პრემიუმ კლასის ღვინოებით. კოლექციაში ასევე გვხვდება ნაპოლეონ ბონაპარტის, იოსებ სტალინის და სხვა პირად კოლექციებთან დაკავშირებული ნიმუშები.

ღვინის სამშობლო რომ საქართველოა, დღეს სპეციალურად ღვინის საცავის გახსნაზე დასასწრებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ღვინის კოლექციონერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

ღვინის ენოთეკაში დაცული ალკოჰოლიანი სასმელების ბოთლების იდენტიფიცირება და მათი წარმოშობის დადგენის შესწავლა დღეიდან დაიწყება.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში დარწმუნებული არიან, რომ ენოთეკაში არსებული ალკოჰოლური სასმელების კოლექციის შესწავლის შედეგად ქართული ღვინო საერთაშორისო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცევა და წარმოდგენილი ნიმუშები ლოტების სახით მსოფლიოს მსხვილი აუქციონების სტენდებზე გამოჩნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×