
შეკითხვების ადრესატი განათლების მინისტრი, ინტერპელაციის ავტორი კი "ფრაქცია საქართველოსთვის" - საპარლამენტო ჯგუფმა მინისტრს 44 კითხვით მიმართა.
კითხვებზე პასუხის გაცემამდე საპარლამენტო ტრიბუნიდან განათლების მინისტრმა საპარლამენტო ოპოზიციის მიზანი პოლიტიკურ სპეკულაციად შეაფასა. ოპონენტებს კომპეტენციაც დაუწუნა და უთხრა, რომ კითხვების უმრავლესობა მის უწყებას არ ეხება.
ოპოზიციის ჩანაფიქრის მიუხედავად, მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნა განათლების რეფორმის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის გამოიყენა. გამოყო პრიორიტეტები, რომელიც უმაღლესი სასწავლებლებისთვის დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლას გულისხმობს. მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულებისთვის სწავლა უფასო იქნება.
განათლების რეფორმის კონცეფციაზე საუბრისას მინისტრმა არგუმენტად მთავრობის მიერ ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევა მოიყვანა. კვლევა მასშტაბურად აჩვენებს იმ დისბალანსს, რომელიც ქვეყანაში მოთხოვნა მიწოდების ჯაჭვს შორის არსებობს. სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით განისაზღვრა უმაღლეს სასწავლებლებში პროგრამებისა და სტუდენტების რაოდენობა. სიახლეა ისიც, რომ აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად ირჩევს პროფესიულ მიმართულებებსაც. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი ვერ გახდება, ავტომატურად მის მიერ შერჩეულ პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხება. დაფინანსებაზე პასუხისმგებლობას აქაც სახელმწიფო იღებს.
უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დღეს ყურადღება ზოგადი განათლების მიმართულებითაც გამახვილდა. კითხვები ეხებოდა სკოლებში უფასო კვებასა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სასკოლო ფორმებს.
გივი მიქანაძემ ინტერპელაციის ავტორებს დღეს გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდი და პოლიციის აკადემიაში განხორციელებული ცვლილებებიც შეახსენა. განათლების მინისტრის თქმით, გახარიას გუნდის წევრებს განათლებაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ.
ინტერპელაციის ფორმატში განათლების მინისტრი დეპუტატების შეკითხვებს 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში პასუხობდა.