
“ნათია ჯანაშია, ამ ეტაპზე მასთან აფილირებული გამოცემების მეშვეობით და გასული 2 წლის განმავლობაში მედიაგამოცემებში, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინააღმდეგ მიზანმიმართულ რეიდერულ შეტევას და კამპანიას აწარმოებს, რაც დაფუძნებულია მხოლოდ ცილისწამებაზე და ყოველგვარ არგუმენტაციასაა მოკლებული“, - ნათქვამია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" - აფბას მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ აფბა მიმდინარე წლის დასაწყისიდან "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" ირგვლივ არსებული დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორციელებს, რომელიც აკადემიის ყოფილმა დირექტორმა, ნათია ჯანაშიამ 70%-იანი წილის მქონე აქციონერის, „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ წამოიწყო.
აფბას მონიტორინგის სამსახურმა დეტალურად შეისწავლა ნათია ჯანაშიასთან აფილირებული გამოცემები, რომელიც სწორედ ამ დავის ცალმხრივად გასაშუქებლად და საკუთარი ინტერესების გასატარებლად ნათია ჯანაშიამ დაახლოებული წრის წარმომდგენლების მეშვეობით შექმნა. გამოცემებში მუდმივ რეჟიმში ვრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაციები, რომლებიც დაფუძნებულია ცრუ და ყალბ ნარატივზე და ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - ზიანი მიადგეს „ბრიტანულ-ქართულ აკადემიას“ და მის რეპუტაციას.
„ის, რომ ნათია ჯანაშიას მხრიდან ადგილი აქვს აკადემიაზე რეიდერულ შეტევას ნათლად დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ 2 წლის განმავლობაში ასეულობით მასალა გამოქვეყნდა სწორედ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დაკნინებისთვის, მისი თანამშრომლების რეპუტაციის შებღალვისთვის. მასალები ვრცელდება 6 ცილისმწამებლური მიმართულებით. თუმცა, გამორჩეულია სწორედ თავდასხმების რაოდენობა უშუალოდ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ წინაღმდეგ. მხოლოდ წლის დასაწყისიდან მომზადებულია და გამოქვეყნებულია აკადემიისა და მისი ხელმძღვანელობის, დირექტორატისა და პედაგოგების საწინააღმდეგო 100-ზე მეტი მასალა და სტატია, რომლის მიზანიც არის შიში და უნდობლობა დათესონ აკადემიის მოსწავლეებსა და მშობლებში. სტატიების შინაარსი და მინორიტარი აქციონერების თანმდევი კომენტარები უკიდურესად დიფამაციური და ძალმომრეობითი ხასიათისაა და ორგანიზენული კრიმინალური დაჯგუფების ლექსიკითა და ტერმინოლოგიით არის გაჯერებული,“ - აცხადებენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.
„ცალკე უნდა გამოვყოთ ჯანაშიას მხრიდან სკოლის ლიკვიდაციის მცდელობის საკითხი, რომელიც წინასწარგანზრახული, დაგეგმილი დანაშაულებრივი ავანტიურა იყო. ჯანაშიამ “ბრიტანულ-ქართული აკადემიისთვის” სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეშლა და საბოლოო ჯამში მის გაუქმება/ლიკვიდაცია დაისახა მიზნად. ამჯერად, საბაბად გამოყენებულ იქნა საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება, რასაც ჯანაშიას მხარე შეეწინაღმდეგა და უარი თქვა რეესტრში განახლებული წესდების წარდგენასა და რეგისტრაციაზე.
თუმცა, საბედნიეროდ, “საქართველოს განათლების ჯგუფი” მზად აღმოჩნდა მსგავსი დესტრუქციული ქმედებებისადმი წინ აღსადგომად. შესაბამისად, მან ზემოთ აღწერილ ობსტრუქციას დაუპირისპირა სწორი და აკადემიის ინტერესებზე ორიენტირებული ნაბიჯები და შედეგად, არ დაუშვა აკადემიის ფუნქციობის ოდნავი შეფერხებაც კი, თუნდაც იმ მცირეხნიან მონაკვეთში, სანამ საჯარო რეესტრი სკოლის რეგისტრაციას აღადგენდა“, - დასძინეს აფბას მონიტორინგის სამსახურში.
აფბას მონიტორინგის სამსახური სოციალური ქსელების ანალიზს ახორციელებს და დაინტერესებული საზოგადოებისთვის პერიოდულად წარმოაჩენს დავასთან დაკავშირებულ საკითხებს.