
რუსული საბრძოლო დრონი რუმინეთის სასაზღვრო ქალაქ გალატში მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ოფიციალური ბუქარესტი ნატოს მე-4 პუნქტის ამოქმედებას სთხოვს. ანალიტიკოსები კი იმაზე მსჯელობენ, თუ რა დგას ამ თავდასხმის უკან და სამ მთავარი ვერსიას განიხილავენ.
მედიის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურები და პოლიცია. შენობიდან სამოცდაათი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულები არიან ქალი და 14 წლის ბავშვი.
დასავლურ მედიასა და ანალიტიკურ წრეებში მომხდართან დაკავშირებით სამი მთავარი ვერსია განიხილება:
პირველი - შემთხვევითი გადახვევა უკრაინაზე შეტევის დროს. ყველაზე გავრცელებული შეფასებით, დრონი, სავარაუდოდ, უკრაინის ტერიტორიაზე კონკრეტული სამიზნისკენ მიფრინავდა და დაბალ სიმაღლეზე მოძრაობის, „ჯიპიესის" შეფერხების ან ტექნიკური პრობლემის გამო, რუმინეთის ტერიტორიაზე გადავიდა. მსგავსი შემთხვევები უკვე არაერთხელ მომხდარა პოლონეთსა და რუმინეთში.
- მარკ რუტე: „28 მაისის ღამემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთის უკანონო აგრესიული ომის შედეგები საზღვარზე არ ჩერდება."
მეორე - ნატო-ს რეაქციის გამოცდა და „ჰიბრიდული ზეწოლა". ზოგი დასავლელი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან ნატო-ს საჰაერო თავდაცვისა და რეაგირების ტესტირება - რამდენად სწრაფად აფიქსირებენ, როგორ რეაგირებენ და გაბედავენ თუ არა ჩამოგდებას. ამ ვერსიას განსაკუთრებით ემხრობიან პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების ექსპერტები.
მესამე - სიგნალი, რომ კონფლიქტი ფართოვდება. ევროპული მედიის ნაწილი ამ ინციდენტს უკვე აფასებს ყველაზე სერიოზულ უსაფრთხოების ეპიზოდად რუმინეთში უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. მთავარი შიში ისაა, რომ მსგავსი შემთხვევების გახშირებამ შეიძლება ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკი გაზარდოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი დადგინდება, რომ ეს არ იყო მიზანმიმართული სამხედრო შეტევა.
ინციდენტის დეტალები
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ საცხოვრებელ კორპუსს რუსული დრონი შეეჯახა.
„28-29 მაისის ღამეს, რუსეთის ფედერაციამ განაახლა დრონებით თავდასხმები უკრაინაში, რუმინეთთან საზღვართან ახლოს, სამოქალაქო სამიზნეებსა და ინფრასტრუქტურაზე. ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შემოიჭრა. შემდეგ ის საცხოვრებელი შენობის სახურავზე ჩამოვარდა, აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
დრონის მოსაგერიებლად ფეტეშტის საჰაერო ბაზიდან „ეფ-16" ტიპის ორი გამანადგურებელი აფრინდა. პილოტებს სამიზნესთან დაპირისპირების ნებართვა ჰქონდათ.
ნატო-ს წესდების მე-4 პუნქტი
ინციდენტს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და ითხოვენ ნატოს მე-4 პუნქტის ამოქმედებას.
„ეს ინციდენტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სერიოზულ და უპასუხისმგებლო ესკალაციას წარმოადგენს. რუმინეთი საერთაშორისო სამართლისა და მისი საჰაერო სივრცის ამ სერიოზული დარღვევის საპასუხოდ აუცილებელ დიპლომატიურ ზომებს მიიღებს.
- რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ეს ინციდენტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან სერიოზულ და უპასუხისმგებლო ესკალაციას წარმოადგენს. რუმინეთი საერთაშორისო სამართლისა და მისი საჰაერო სივრცის ამ სერიოზული დარღვევის საპასუხოდ აუცილებელ დიპლომატიურ ზომებს მიიღებს."
„წუხანდელი ინციდენტი იმ ინციდენტების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ამ ტიპის ინსტრუმენტის გამოყენებას ამართლებს. საუბარია მოკავშირე სახელმწიფოებს შორის კონსულტაციებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი თვლის, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. ცხადია, მე-4 მუხლის ამოქმედება ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ეს იმ ვარიანტებთან დაკავშირებული დისკუსიების ნაწილია, რომლებიც ამჟამად გვაქვს".
სამინისტროს ცნობით, რუმინეთმა ინციდენტის დეტალების შესახებ აცნობა თავის მოკავშირეებს და ნატო-ს გენერალურ მდივანს და მოითხოვა ზომების მიღება დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების გადაცემის დასაჩქარებლად:
„რუსეთის ფედერაცია კვლავ აგრესორ სახელმწიფოდ რჩება, რომელიც უკანონო ომს აწარმოებს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება რეგიონული უსაფრთხოებისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. რუსეთის ფედერაცია პირდაპირ პასუხისმგებელია ამ სერიოზულ და უპასუხისმგებლო ქმედებებზე", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
ნატო-ს გენმდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუმინეთის პრეზიდენტს წუხელ დრონთან დაკავშირებულ ინციდენტზე ესაუბრა და ალიანსის სრული სოლიდარობა დაუდასტურა.
„დავადასტურე, რომ ნატო მზად არის დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი ინჩი. გავაგრძელებთ მზადყოფნის გაძლიერებას ნებისმიერი საფრთხის შეკავებისა და მისგან თავდაცვისთვის, მათ შორის დრონებიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგაც", - აღნიშნა რუტემ.
მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის მასშტაბით მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას და 28 მაისის ღამემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი „უკანონო აგრესიული ომის შედეგები საზღვარზე არ ჩერდება."
ნატო-ს წესდების მე-4 მუხლი ითვალისწინებს წევრი ქვეყნების კონსულტაციებს მაშინ, როცა რომელიმე მათგანი საკუთარ უსაფრთხოებას ან ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხის ქვეშ მიიჩნევს. ეს არ ნიშნავს ავტომატურად ომს ან სამხედრო ჩარევას. ეს ითვალისიწინებს საგანგებო შეხვედრის მექანიზმს, საფრთხის განხილვას, კოორდინაციასა და შესაძლო ერთობლივი ნაბიჯების დაგეგმვას.
პოლიტიკური შეფასებები
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაინი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ 21-ე პაკეტს ამზადებს.
„სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს და მის ხალხს.ვაგრძელებთ რა ჩვენი უსაფრთხოებისა და შეკავების გაძლიერებას, განსაკუთრებით ჩვენს აღმოსავლეთ საზღვარზე, გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდას. ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს", - წერს ურსულა ფონ დერ ლაინი.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი წერს, რომ რუსეთმა დიდი ხანია შეწყვიტა საზღვრების პატივისცემა.
„რუსეთმა დიდი ხანია შეწყვიტა საზღვრების პატივისცემა. მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ ზეწოლას რუსეთზე, გაზრდიან მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და ინვესტიციას ჩადებენ ევროპის თავდაცვის მზადყოფნაში", - წერს კალასი.
ამ ინციდენტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერება და აგრესორზე ზეწოლის გაზრდა, მათ შორის უფრო მკაცრი სანქციების გზით, კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად.
„უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება სტრატეგიული ამოცანაა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დასაცავად, არამედ ჩვენი მეზობლებისთვის რისკების შესამცირებლად. უკრაინა მტკიცედ დგას რუმინეთის გვერდით. მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ასეთი საფრთხეებისგან დაცვის გასაძლიერებლად", - წერს სიბიგა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა რუმინეთის ტერიტორიაზე დრონის შეჭრა დაგმო და რუმინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
„რუსული დრონით თავდასხმა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ევროპისა და ნატო-ს ერთიანობა დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს", - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი ამბობს, რომ ევროკავშირი მხოლოდ მომხდარის დაგმობით არ უნდა შემოიფარგლოს.
„ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ მხოლოდ მის ერთობლივად დაგმობაზე. ამიტომ, მე ცალსახად ვუჭერ მხარს რუმინეთის პრეზიდენტ დანის მოწოდებას მკაცრი საერთაშორისო რეაგირების შესახებ. რუსეთმა ნათლად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ არ შევეგუებით ასეთ თავდასხმებს", - წერს პეტრ პაველი.