ნატალია ჯვარიძე
29.05.2026

საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ მოხდება აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ამისთვის ოფიციალურმა ვაშინგტონმა გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილება მოითხოვოს. ამაზე მინიშნებები ხელისუფლების პირველი პირების ზოგიერთ განცხადებაში იკითხება. თანაც, ეს განცხადებები საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლობითი დელეგაციის 6-დღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ კეთდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობების დაწყებას ყოველგვარი პოლიტიკური წინაპირობების გარეშე ითხოვს და მაგალითად მეზობელი ქვეყნები მოჰყავს. მისი თქმით, ოფიციალურმა ვაშინგტონმა აზერბაიჯანსა და სომხეთთან პარტნიორობა სხვა დონეზე ისე აიყვანა, რომ მათთვის არც პატიმრების გათავისუფლება და არც ოპოზიციასთან დაკავშირებული სხვა პირობები არ დაუწესებია და ამ მხრივ საქართველოს შემთხვევაში „თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, ძალიან სამწუხარო იქნება".

„აშშ-მა განაახლა პარტნიორობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, სხვა დონეზე აიყვანა. ეს არის აზერბაიჯანი, ეს არის სომხეთი. იქ ხომ არავითარი წინაპირობები არ ყოფილა. არც პატიმრების გათავისუფლება, არც რაიმე სხვა. არავითარი ასეთი წინაპირობა არ ყოფილა. არც ოპოზიციასთან დაკავშირებით.

  • ირაკლი კობახიძე: „თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, ეს ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მიდგომა იქნება არა ასეთი - უსამართლო, არამედ მიდგომა იქნება სამართლიანი".

„როდესაც გვეუბნებიან, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყნებში არის უკეთესი კანონები, ვიდრე საქართველოში, ეს არის ძალიან უსუსური არგუმენტი. აქედან გამომდინარე, თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, ეს ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მიდგომა იქნება არა ასეთი - უსამართლო, არამედ მიდგომა იქნება სამართლიანი. რაც გაფუჭდა უსამართლო მიდგომით, ის შეიძლება გაუმჯობესდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომით", - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ აშშ-ს გაცილებით სხვა საკითხები აინტერესებს, ვიდრე აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებაა, რაზეც სავარაუდოდ, ხელისუფლება არ წავა.

„ახლა ამერიკა ეძებს ურთიერთობის მოდელს, რაც უნდა საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენოს. რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანთან მინიშნებას, ვფიქრობ კობახიძე სწორია. ყველამ კარგად ვიცით, რა მდგომარეობაშია ამ ქვეყნებში დემოკრატია და ადამიანის უფლებები. ელექტორალური დემოკრატია მთლიანად აზერბაიჯანში, რომ იტყვიან, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. სომხეთში კი, მმართველმა გუნდმა, ფაქტობრივად, პოლიტიკური ოპოზიცია მოასუფთავა - მთავარი ოპოზიციური პატიის ლიდერი პატიმრობაში ჰყავს. ხომ გახსოვთ ჩვენთან რა მოხდა, როცა რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა კანონი დაარღვია და ციხეში აღმოჩნდნენ? ზოგადად, ამ მიდგომებს შორის განსხვავები შეინიშნება.

  • ზაალ ანჯაფარიძე: „თუ (ამერიკელები) ჩვენგან ისეთ შეთავაზებას მიიღებენ, რაც მათ დააკმაყოფილებთ, შეიძლება გარკვეულ რაღაცებზე თვალი დახუჭონ. თუ ეს შეთანხმება ვერ მოხდა, მაშინ გაგრძელდება ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო."

„საერთოდ, დასავლურ პოლიტიკას ასეთი რაღაცები ახასიათებს. მაგალითად, სააკაშვილსაც პატიობდნენ დემოკრატიის გზიდან გადახვევას. თუ ესა თუ ის მთავრობა მათი ხელდასმულია, თითქოს ხარვეზებს ვერ ამჩნევენ. თუ დაინახავენ, რომ ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერი ხელიდან გაექცათ, მის მიმართ დამოკიდებულება იცვლება და ხშირად მათი მოთხოვნები გადამეტებული, ან უსამართლოა, კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.

„ახლა ამერიკელები ფიქრობენ როგორ გააგრძელონ ურთიერთობა საქართველოსთან. თუ ჩვენგან ისეთ შეთავაზებას მიიღებენ, რაც მათ დააკმაყოფილებთ, შეიძლება გარკვეულ რაღაცებზე თვალი დახუჭონ. თუ ეს შეთანხმება ვერ მოხდა, მაშინ ის გაგრძელდება, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო.

„არ მგონია „ქართული ოცნება" ოპოზიციის აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაზე წავიდეს, რადგან ეს ზიანს მიაყენებს მათ რეპუტაციას. წარმოიდგინეთ, ადრე საპატრიარქომ დაპატიმრებულების გათავისუფლება სთხოვა, რაც ხელისუფლებამ არ მიიღო. რა გამოდის, საპატრიარქოს თხოვნა ყურად არ მიიღეს და ამერიკელების წინადადებას დათანხმდნენ? ძალიან წამგებიან ვითარებაში აღმოჩნდებიან.

„ეს ისეთი სავაჭრო საკითხი არაა, რომ ამერიკა ამაზე წავიდეს. თუმცა, გამოსარიცხი არაფერია. ზოგადად, აშშ-ს უფრო სერიოზული მოთხოვნების დაყენება შეუძლია, რაც მათთვის მომგებიანი იქნება. მაგალითად, ანაკლიის პორტი, ირანთან მიმართებაში დახმარება და ა.შ. ხოლო პატიმრები, რომლებზეც იციან რისთვის არიან დაჭერილი და თან მალე გამოდიან ციხიდან, არ მგონია ამ შემთხვევაში პრიორიტეტული იყოს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×