
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი წვრილფეხა მესაქონლე ფერმერებს და ექსპორტიორებს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
„წვრილფეხა მესაქონლეობის სექტორის განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სექტორის საჭიროებებზე დროული რეაგირების და ეფექტიანი მართვის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება დარგობრივი საბჭოს შექმნის შესახებ. მნიშვნელოვანია, დარგის წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაციის პირობებში განისაზღვროს მექანიზმები, რომელიც სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
საუბარი შეეხო გადასარეკი გზებისა და საძოვრების ხელმისაწვდომობის, ჯიშთა სელექციის მნიშვნელობის საკითხებს, ასევე, დარგის განვითარების მხარდამჭერი პროგრამების ისეთი ფორმით მოდიფიცირების აუცილებლობას, რომ შეესაბამებოდეს სექტორის რეალურ გამოწვევებს.
აღსანიშნავია, რომ საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად მინისტრის მოადგილის კურატორობით გაიმართება, კვარტალში ერთხელ კი, შეხვედრას მინისტრი უხელმძღვანელებს. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა ინტერესების მეტად გათვალისწინებას და სექტორის განვითარებისკენ მიმართული პროექტების ეფექტიან დაგეგმვას.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, ასევე სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.