
ევროკავშირის ინიციატივას, რომ უკრაინის ომის სამშიდობო მოლაპარაკებებისას ერთ-ერთ პუნქტად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანის საკითხი შევიდეს, „ქართული ოცნება" კრიტიკით პასუხობს. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ეხება და მასზე ასეთი პასუხი „რუსეთის მიერ შეთითხნილი რიტორიკაა".
რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში საქართველოს საკითხის დასმის ინიციატივა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს ეკუთვნის. ეს საკითხი ხუთშაბათს კვიპროსზე გამართულ მინისტერიალზეც განიხილეს, რის შემდეგაც გაირკვა, რომ გაერთიანების ყველა ქვეყანა მხარს უჭერს შესაძლო საზავო შეთანხმების ფარგლებში რუსეთისთვის აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ჯარის გაყვანის მოთხოვნას.
ევროკავშირი ამჟამად უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის ემზადება. უკვე მიდის მსჯელობა, თუ კონკრეტულად რომელი ევროპელი პოლიტიკოსი დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან ევროკავშირის სახელით და ასევე რა პუნქტების ჩართვას მოითხოვს მომავალ სამშიდობო შეთანხმებაში ევროკავშირი. საქართველოს საკითხიც სწორედ ამ პროცესში წამოიწია.
თუმცა, თავად ამ იდეის ავტორი კაია კალასი აღიარებს, რომ ეს მოთხოვნები ევროკავშრის მაქსიმალისტური მიდგომაა, ისევე, როგორც რუსეთს აქვს მაქსიმალისტური მოთხოვნები უკრაინისა და დასავლეთის მიმართ. ვეროკავშირის მაქსიმალისტური მიდგომის მაგალითად კი კალასმა დაასახელა რუსეთის თვის შეიარაღებული ძალებისთვის რიცხოვნობასა და შეიარაღებაზე შეზღუდვების დაწესება და ასევე რუსული ჯარების გაყვანა საქართველოსა და მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
„ოცნების" განცახდებები
პრემიერი ირაკლი კობახიძე კალასის ინიციატივის კომენტირებისას ამბობს, რომ „ფიცი სწამს და ბოლო აკვირვებს".
„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს" - არის ასეთი ცნობილი გამონათქვამი. როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ ამას და არ უნდა აკეთებდნენ ისეთ რაღაცას, რაც ქვეყანას ხელოვნურად უქმნის დამატებით რისკებს სხვადასხვა მიმართულებით. ამიტომ ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს. აქამდე ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში იდგა სწორედ საპირისპირო მხარეს და უპირისპირდებოდა ჩვენი ქართველი ხალხის, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე კი იმაზე მსჯელობს, კაია კალასმა რუკაზე საქართველო დამოუკიდებლად იპოვა, თუ ამაში თანაშემწეები დაეხმარენ.
- არჩილ გორდულაძე: „არ ვიცი, ქალბატონმა კაია კალასმა იპოვა თუ არა რუკაზე სად არის საქართველო, თუ, უბრალოდ, მისი თანაშემწეები ან მისი თანამშრომლები უწერენ ამ განცხადებებს."
„არ ვიცი, ქალბატონმა კაია კალასმა იპოვა თუ არა რუკაზე სად არის საქართველო, თუ, უბრალოდ, მისი თანაშემწეები ან მისი თანამშრომლები უწერენ ამ განცხადებებს. ერთი, რაც ნამდვილად ვიცით, არის ის, რომ კაია კალასი, მარტა კოსი და სხვა მაღალი თანამდებობის ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში შემოიტანონ პოლიტიკური დაპირისპირება, ქართველი ხალხი ერთმანეთისგან გამიჯნონ და დააშორონ, სიძულვილის კამპანიები აწარმოონ, სიძულვილის ენით გამორჩეულ ადამიანებს გვერდში დაუდგნენ მათი წარმომადგენლების სახით, მათ შორის წავიდნენ ისეთ უმსგავსობაზე და დიპლომატიურ სკანდალზე, როგორიც კონკრეტული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე დადგომაა. ახლა რამდენიმე განცხადების გაკეთება ვერანაირად ვერ დაგვავიწყებს მათ ყველანაირ ზღვარგადასულ ქმედებებსა თუ განცხადებებს", - აღნიშნა გორდულაძემ.
- თენგიზ შარმანაშვილი: „სიტყვების უკვე აღარ გვჯერა. თუ შენ დეკლარირებ ერთს და აკეთებ მეორეს, ჩემთვის უკვე ნათელია, რომ შენ არაფერს არ აკეთებ."
„ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ მმართველ პარტიას სიტყვების აღარ სჯერა.
„სიტყვების უკვე აღარ გვჯერა. თუ შენ დეკლარირებ ერთს და აკეთებ მეორეს, ჩემთვის უკვე ნათელია, რომ შენ არაფერს არ აკეთებ. როდესაც მეუბნები, რომ ნატო-ს კარი ღიაა და ლამის 20 წელია ორპირ ქარში მამყოფებ, უკვე მეც კითხვები მიჩნდება. ასე რომ, კაია კალასმა რომ იმიჯი გამოისწოროს და ვითომ ჩვენ დაგვანახოს, თითქოს ქართველი ხალხის მომავალზე ძალიან გულდათუქულია და ბევრს ფიქრობს, მარტო იმის დეკლარირება კი არ უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და ჯარები უნდა იქნას გაყვანილი, არამედ საქართველოს რეალურად უნდა შეუწყოს ხელი ევროინტეგრაციის და ეკონომიკის განვითარების საკითხებში", - განაცხადა შარმანაშვილმა.
რას ნიშნავს მმართველი გუნდის უარყოფითი რეაქცია
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ანალოგიური განცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რომ გაეკეთებინა, საქართველოს ხელისუფლებას სხვა რეაქცია იქნებოდა, კალასი კი „ქართული ოცნების" მიმართ „აგრესიულია" და შესაბამისად, „ალერსიანი" პასუხი ვერ იქნებოდა.
„ანალოგიური განცხადება რომ მაგალითად რუბიოს, ან ტრამპს გაეკეთებინა, ხომ არ იქნებოდა ასეთი რეაქცია? კაია კალასი ამ რანგში მთელი კარიერის განმავლობაში საქართველოს უტევს, აგრესიულია ჩვენს მიმართ და ალერსიანი უნდა ვიყოთ?
„საქართველოს უკვე დიდი ხანია ევროკავშირთან ისეთი პოზიცია უკავია, რომ ის არაფრის დათმობას არ აპირებს. ანალოგიური მდგომარეობა რუსეთთანაც გვაქვს. რუსეთისგან საქართველოს ხელისუფლება ითხოვს - ჯერ ტერიტორიული მთლიანობა აღიარეთ, დეოკუპაცია მოახდინეთ და მერე ვილაპარაკოთ და მერე გვქონდეს კარგი ურთიერთობაო. იგივე პროეტენზია აქვს საქართველოს ევროკავშირთან, რადგან უამრავი სანქციები დაადო და ფაქტიურად განიხილავს, როგორც მტრულ სახელმწიფოს", - განაცხადა საყვარელიძემ.
- რამაზ საყვარელიძე: „საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ფონზე გასაკვირი არაა, რომ საქართველოს მოთხოვნები ჰქონდეს - რომ ევროკავშირმა ჯერ თავისი სანქციები უკან წაიღოს და მერე ილაპარაკოს საქართველოზე პოზიტიური ტონით."
კითხვაზე, ხომ არ მიიჩნევს „ქართული ოცნება", რომ ევროკავშირის მხრიდან ახლაც რაიმე „მტრულია" ჩაფიქრებული, საყვარელიძემ გვითხრა:
„ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ფონზე გასაკვირი არაა, რომ საქართველოს მოთხოვნები ჰქონდეს - რომ ევროკავშირმა ჯერ თავისი სანქციები უკან წაიღოს და მერე ილაპარაკოს საქართველოზე პოზიტიური ტონით.
„ევროკავშირის სასიამოვნო ფრაზებზე, საქართველო დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ისევე, როგორც რუსეთი კომპლიმენტებს რომ გეუბნება და თან იძახის - თქვენთან ურთიერთობა გვინდაო, საქართველო დათმობაზე წასვლას არ აპირებს, სანამ რუსეთი არ წაიღებს უკან მის მიერ გადადმულ აგრესიულ ნაბიჯებს.
„ევროკავშირს საქართველოს მიმართ სამეხდრო აგრესია არ ჰქონია, მაგრამ პოლიტიკური აგრესია ჰქონდა. ეს უნდა წაიღოს უკან და მერე შეიძლება ნორმალური ლაპარაკი", - განაცხადა საყვარელიძემ.