რეზონანსი
29.05.2026

ვინც ნებსით თუ უნებლიეთ, მიხეილ სააკაშვილის სახელის შეურაცხყოფას შეეცდება და შეეცდება წარმოაჩინოს, როგორც პუტინთან და რეჟიმთან შეკრული ადამიანი, ის ასრულებს რეჟიმის საქმეს! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ ციხიდან გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე საუბარი „აბსურდია და პოლიტიკურ უზნეობას წარმოადგენს“.

„არა მარტო აბსურდია, არამედ დიდი უზნეობაა მიხეილ სააკაშვილი ამ რეჟიმთან და პუტინთან გარიგებასა და თანამშრომლობაში დაადანაშაულო. ორ პოლიტიკოსს, ორ პოლიტიკურ პატიმარს შორის კამათი, დაპირისპირებაც გამიგია, მაგრამ ასეთი აბსურდი ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მიხეილ სააკაშვილი ოდესმე პუტინის რეჟიმსა და ლაქიებს რომ გარიგებოდა, ციხეში კი არ იჯდებოდა, მშვენივრად იქნებოდა, როგორც ისინი, რომლებმაც სამშობლო გაყიდეს და პრინციპებზე თქვეს უარი. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ის კაცი, რომელმაც საქართველოს კონსტიტუცია დაიცვა და თვისი მოვალეობა შეასრულა 2008 წელს“,- აცხადებს ბარამიძე.

მისივე თქმით, სააკაშვილი წლების განმავლობაში პოლიტიკური ზეწოლისა და მძიმე მოპყრობის მიუხედავად არ გატეხილა და არ დათანხმებია იმ პირობებს, რასაც ხელისუფლება სთავაზობდა.

„მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი აწამეს, მოწამლეს, ათრიეს, შეეცადნენ მისი სახელის ფეხქვეშ გათელვას - ვერ გატეხეს. მან არ გააკეთა ის, რასაც ხელისუფლება სთხოვდა. ახლა რომ პატიმრებს ეუბნებიან და არც მალავენ - მოინანიეთ და გაგიშვებთო, ეგ არის. რა ფორმით სთავაზობდნენ რა მნიშვნელობა აქვს“,- აცხადებს ბარამიძე.

კითხვაზე, ვის გულისხმობს მელია, როდესაც ამბობს, რომ სააკაშვილის შუამავალი ჰყავდა ხელისუფლებასთან, ბარამიძე ასე პასუხობს: „არ ვიცი ვისზე საუბრობს, კარგი იქნება თუ დაასახელებს“.

გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები ფართო წრეში არ განიხილებოდა.

ბარამიძემ აღნიშნა, რომ თავად სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით სკეპტიკურად იყო განწყობილი, რადგან პროცესში არსებულ საფრთხეებს სერიოზულად აფასებდა.

„ასეთ საკითხებს არ იხილავენ ფართო წრეში, ეს ისეთი ოპერაციაა, რაც უფრო ცოტა ადამიანებს ეცოდინება უკეთესია. იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია ჩავარდება, რაც შეიძლება ცოტა იყოს ადამიანთა წრე ვისზეც შეიძლება ეჭვი მიიტანონ. კიდევ კარგი მე არ ვიცოდი და სხვებმაც. მე ისედაც სკეპტიკური დამოკიდებლობა მქონდა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა - არ ჩამოსვლასთან დაკავშირებით, რადგან საფრთხეებს სერიოზულად ვაფასებდი. სააკაშვილმაც კარგად იცოდა, რომ წარუმატებლობის დიდი შანსი იყო, მაგრამ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. რამდენიმე ადამიანი წინააღმდეგი იმიტომ ვიყავით, რომ ამის შანსს ვხედავდი. არ მინდოდა მიშას არც დაპატიმრება, არც მოკვლა“,- განაცხადა ბარამიძემ.

კითხვაზე, რაში სჭირდება ტყუილი ნიკა მელიას, ბარამიძე ასე პასუხობს: „ეს რომ აბსურდია, ფაქტია“.

„ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი დღესაც ციხეშია, პასუხია იმაზე, რომ აბსურდია... ხომ არ შედგა [მოლაპარაკება] , არ დაეთანხმა“, - განაცხადა ბარამიძემ.

გადაცემის წამყვანის კიდევ ერთ კითხვაზე, იყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ის ადამიანი, ვინც შუამავალი იყო „ქართულ ოცნებასა“ და მიხეილ სააკაშვილს შორის, ბარამიძე პასუხობს, რომ არ აქვს ასეთი ინფორმაცია.

„ნიკა წერს, მიხეილ სააკაშვილი გაურიგდაო ხელისუფლებასაო, ეს რომ აბსურდი და ბინძური ტყუილია, მეტყველებს ის ფაქტი, რომ სააკაშვილი ციხეშია.

ვინც ნებსით თუ უნებლიეთ, მიხეილ სააკაშვილის სახელის შეურაცხყოფას შეეცდება და შეეცდება წარმოაჩინოს, როგორც პუტინთან და რეჟიმთან შეკრული ადამიანი, ის ასრულებს რეჟიმის საქმეს! თუ ნებით აკეთებს! მგონია, რომ ნიკა შეცდომაშია შეყვანილი, ისიც ციხეში ზის“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×