
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობაზე უარს არ ამბობს და ჩვენი ქვეყანა კვლავ რჩება აშშ-ის ინტერესის მნიშვნელოვან სფეროდ , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია აცხადებს.
გეგელიამ ყურადღება გაამახვილა აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ოპოზიციის როლზე და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ხაზს უსვამს ოპოზიციის მონაწილეობისა და წარმომადგენლობის მნიშვნელობას პოლიტიკურ პროცესებში.
„მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან ურთიერთობის ახალი ეტაპისთვის, თუმცა ამავე დროს მკაფიოდ მიუთითებს, რომ ურთიერთობის სრულფასოვანი აღდგენა კონკრეტულ ნაბიჯებს საჭიროებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ მიერ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანებისა, საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა კვლავ ღიაა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ აშშ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციის მონაწილეობასა და წარმომადგენლობაზე. გზავნილი ნათელია - ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს ძლიერ ოპოზიციას და მის მონაწილეობას პოლიტიკურ ინსტიტუტებში.
„ძლიერი საქართველო-ლელო“ სწორედ ამ პოზიციას იცავდა თავიდანვე: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი მოითხოვს ბრძოლას ყველა დემოკრატიულ ფრონტზე, მათ შორის პირველ რიგში არჩევნების გზით“,- აცხადებს გეგელია.