
თბილისში, მტკვარში 3 ივნისს გადავარდნილ ავტომობილსა და მის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ბიჭის ოჯახის წევრები და თანასოფლელები. როგორც ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცი "ფოლკსვაგენ ჯეტას” მარკის ავტომობილით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გვიან ღამით გადაადგილდებოდა, როცა მას უკნიდან მანქანა დაეჯახა.შეჯახების შედეგად მანქანა მტკვარში გადავარდა. ამ შემზარავ ფაქტს როგორც ჩანს, ჰყავს თვითმხილველები და ტრაგედიის წუთიდან მიდის სამძებრო სამუშაოები, თუმცა ჯერჯერობით ავტომობილს ვერ მიაგნეს.
"სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა, წყალში გადავარდა, მალევე აღარ ჩანდა მანქანა, ჩაიძირა. ვიღაცის დაუდევრობამ და შეჯახებამ შეიწირა ეს ადამიანი, უკნიდან შეეჯახნენ და გადააგდო სხვა მანქანამ" - წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში.
კიდევ ერთი ადამიანი წერს, რომ შემთხვევა გალაკტიონის ხიდზე მოხდა.
"მტკვარში გადავარდნილ მანქანას დაეჯახა "მერსედესის" მძღოლი, მოუვიდათ ავარია, შემდეგ შეეჯახნენ "პრიუსს". "პრიუსის" მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი, როგორც ვიცი. მტკვარში გადავარდნილ ბიჭს ეძებენ. ეგ საწყალი ბიჭი დაიღუპა” - ამბობს ერთ ერთი მოქალაქე.
"ამბების" ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა 36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძეა. იგი ჭიათურის სოფელ ითხვისიდან იყო და თბილისში ხელობაზე მუშაობდა.
"დიდი ტრაგედია დატრიალდა, 36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძეს ეძებენ მაშველები. რაჟდენი დაოჯახებული იყო, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ოჯახი თბილისში ქირით ცხოვრობდა. მღებავი იყო და მუშაობდა ხელობაზე. როგორც ამბობენ, სხვა მანქანა დაეჯახა. უპატიოსნესი ბიჭია, მთელი სოფელი ჩასულია დიდი და პატარა იქ დგას და ეძებენ. ძალიან პატიოსანს ოჯახში გაზრდილი, თვითონაც უწესიერესი ბიჭი, ძალიან კარგი ოჯახი შექმნა და თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ხდება ახლა ჩვენს სოფელში. მთელი სოფელი განიცდის, აქ ცხოვრობს მისი დედა, მამა რუსეთშია.
ახლა ველაპარაკებოდი ჩემს თანასოფლელებს და ამბობენ, იმდენი ადამიანია ჩამოსული რაიონიდან, მაშველებს უკვირთ ეს ხალხი სულ ყველა ერთი რაიონიდან ხართ ჩამოსულიო? მთელი უბნის ახალგაზრდობა ჩასულია, ყველა განიცდის. არ ვიცი ამ ახალგაზრდამ, ამ პატარა დროში როგორ შეაყვარა ასე თავი მთელ სოფელს. ძალიან დიდი სოფელია ჩვენი სოფელი. ის შემიძლია გითხრათ, რომ რაჟდენს "ჯეტა" ჰყავდა. სოციალურ ქსელში წერენ, რომ მერსედესი შეეჯახაო", - განაცხადა მერის წარმომადგენელმა სოფელ ითხვისში დავით მოცრაძემ.
წყარო: ambebi.ge