რეზონანსი
08.06.2026

დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცე და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა, საქართველო მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის შემდგომ მინისტერიალს თბილისი უმასპინძლებს.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცელი კაბელის პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას და რეგიონთაშორისი შესაძლებლობების შექმნას. ვისაუბრეთ ასევე სხვადასხვა სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის უსაფრთხოებაზე და ახალი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობაზე. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და მეტ კონკრეტულ შედეგში აისახოს. დასასრულს, მსურს, აღვნიშნო, რომ დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცე და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებაში. საქართველო კვლავაც დარჩება საიმედო პარტნიორად და აქტიურად განაგრძობს ძალისხმევას საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით. შევთანხმდით, რომ შემდეგი შეხვედრის მასპინძელი იქნება საქართველო“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×