ნატალია ჯვარიძე
10.06.2026

უკრაინა რუსეთის სამხედრო და ნავთობის ინდუსტრიის ობიექტებზე დარტყმებს აგრძელებს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს შეხვდა, რომლის დროსაც მათ სხვა საკითხებთან ერთად, „გრიპენის" მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებული შეთანხმების განხორციელების საკითხი განიხილეს.

„პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრისას განვიხილეთ შვედეთში ჩემი ბოლო ვიზიტის შედეგები და „გრიპენის" მოიერიშე თვითმფრინავებთან დაკავშირებული შეთანხმებების შესრულება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ტალინში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს შვედეთის პრემიერიც. „ღირებული შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დღეს ტალინში. გავაგრძელეთ Gripen-ის მოიერიშე თვითმფრინავებისა და ფრონტის ხაზზე განვითარებული მოვლენების განხილვა. უკრაინას ბრძოლის ველზე იმპულსი აქვს - შვედეთი გააგრძელებს მხარდაჭერას", - დაწერს ულფ კრისტერსონმა სოციალურ ქსელში.

ზელენსკის განცხადებით, „ღამით, უკრაინულმა „ფლამინგოს" რაკეტებმა ჩებოქსარში სამხედრო ქარხანას დაარტყეს, რომელიც ოკუპანტის არმიას დრონებისა და რაკეტების კომპონენტებით ამარაგებს".

ზელენსკი ადასტურებს, რომ ღამით უკრაინამ სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, რომელიც ფრონტის ხაზიდან 900 კილომეტრში მდებარეობს. „ასევე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სრულიად სამართლიანმა პასუხმა ვლადიმირის ოლქში მდებარე ორ ნავთობის ობიექტსაც მიაღწია, 700 კილომეტრის მანძილზე", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

  • მისი მომსახურება უფრო მარტივი და იაფია ბევრ დასავლურ ანალოგთან შედარებით, რაც ხანგრძლივ ომში მნიშვნელოვნად ითვლება"

ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ შვედური „გრიპენი" უკრაინის პირობებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული დასავლური გამანადგურებელია, თუმცა არა „საომარი თამაშის შემომტრიალებელი" იარაღი. აღნიშნული იარაღი შექმნილია იმ იდეით, რომ ქვეყანამ ომის დროსაც შეძლოს ავიაციის შენარჩუნება მაშინაც კი, თუ დიდი სამხედრო აეროდრომები დაზიანდება. ამიტომ ამ თვითმფრინავს შეუძლია მუშაობა შედარებით მოკლე ზოლებიდან და გზების ტიპის ინფრასტრუქტურიდანაც.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს უკრაინისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ასევე, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მისი მომსახურება უფრო მარტივი და იაფია ბევრ დასავლურ ანალოგთან შედარებით, რაც ხანგრძლივ ომში მნიშვნელოვნად ითვლება.

ექსპერტების შეფასებით, „გრიპენი" ძალიან პრაქტიკული და მოქნილი თვითმფრინავია, მაგრამ არა ყველაზე ძლიერი ან უნივერსალური ვარიანტი ყველა ტიპის ომისთვის. ის არ ეკუთვნის იმ კლასის თვითმფრინავებს, რომლებიც რადარებისთვის მაქსიმალურად ნაკლებად შესამჩნევია. ამიტომ ძლიერ საჰაერო თავდაცვასთან მუშაობისას უფრო ფრთხილი გამოყენება სჭირდება.

ექსპერტები ხშირად აღნიშნავენ, რომ „გრიპენი" იმდენად ფართოდ და ინტენსიურად არ გამოუყენებიათ ნამდვილ საჰაერო ბრძოლებში, როგორც მაგალითად ამერიკული F-16. ამიტომ მისი ნაწილი შესაძლებლობებისა ჯერ პრაქტიკაში ნაკლებად არის შემოწმებული. სამხედრო ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის შემთხვევაში მთავარი ბარიერი რუსეთის ძლიერი საჰაერო თავდაცვაა. ამიტომ საუკეთესო შემთხვევაშიც „გრიპენი" იქნება სისტემის ნაწილი და არა ისეთი იარაღი, რომელიც თავისით მოიტანს სრულ საჰაერო უპირატესობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×