„სხვა ქვეყნები ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობენ, ნაკლებად უნდა გვაღელვებდეს“
ქეთო გოგოხია
10.06.2026

ჩინეთთან როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური  ურთიერთობები გაღრმავდება. დასავლეთის მოთხოვნას, რომ ქვეყნებს შორის ამ ტიპის ურთიერთობები შესუსტდეს, მთავრობა საპირისპირო ნაბიჯს დგამს. სპეციალისტების განცხადებით, ჩინეთთან ურთიერთობას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ამ  მხრივ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისა და მთლიანად მოსახლეობისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის სათანადოდ განვითარება  სწორედ ჩინეთთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი.

რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, სულ ახლახან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონკრეტული პროცესები უკვე დაწყებულია და ხელშესახები შედეგები ყველა მიმართულებით იქნება.

"სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაღრმავება პირდაპირ არის დაკავშირებული სავაჭრო-ეკონოიკური ურთიერთობების გაღრმავებასთან, ამას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. მაქსიმალურად ვცდილობთ, განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და როლი, ამ ყველაფერში კისაქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. მე წარმოგიდგინეთ მონაცემები, რომლებიც ასახავს გასული რამდენიმე წლის დინამიკას სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ. 

ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ველოდებით ხელშესახებ ზრდას როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, ასევე ტურისტული გაცვლის თვალსაზრისით, ასევე სატრანზიტო კავშირების გაღრმავების მხრივ, ყველა მიმართულებით გვექნება ხელშესახები შედეგები. ხაზს გავუსვამ განათლების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ახალი შეთანხმების გაფორმება დამატებით შეუწყობს ხელს ამ სფეროშიც ურთიერთობების გაღრმავებას", - განაცხადა პრემიერმა.

ეკონომიკურ წრეში საქართველო-ჩინეთის ურთირთობას დადებითად ფასდება. სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმ უზარმაზარ პოტენციალზე, რასაც ჩინეთის 1.4-მილიარდიანი ბაზარი საქართველოს სთავაზობს.

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის ინფორმაციით, ჩინეთი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკა, რომლის მსყიდველუნარიანობაც მუდმივად იზრდება. მაშინაც კი, თუ საქართველო ჩინეთის უზარმაზარი ბაზრის მხოლოდ უმცირეს წილს (მაგალითად, 0.5%-ს ან 1%-ს) აითვისებს, ეს ქართული ეკონომიკისთვის ეს კოლოსალური ბიძგი და გარანტირებული შემოსავალი იქნება.

,,ჩინეთი ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში. მსყიდველობითი უნარის პარიტეტით, მის წილად მოდის გლობალური ეკონომიკის  მეოთხედზე მეტი. თანაც, რეალურ სექტორში მისი როლი და წონა კიდევ უფრო მეტია. ჩინეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში სავაჭრო ბრუნვით, ხოლო  აშშ-ს სავაჭრო ბრუნვასთან შედარებით 1,5 ტრილიონ დოლარზე მეტი აქვს. ამიტომ ჩინეთთან ურთიერთობები ჩვენთვის საკმაოდ პერსპექტიულია. თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომის კუთხითაც, ეს კავშირები დიდი მომავლის მქონეა. თანაც ჩინური ეკონომიკა ჩვენს მიმართ გაცილებით კეთილგანწყობილია, ვიდრე სხვა უფრო დიდი სახელმწიფოები.   

გარდა ამისა, ჩინეთის ეკონომიკა სწრაფად მზარდია არა მარტო რაოდენობრივად, ხარისხობრივადაც. ურთიერთობის გაფართოებას საკმაოდ პერსპეტიულად უნდა შევხედოთ. ჩინეთი არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკა, რომლის მსყიდველუნარიანობაც მუდმივად იზრდება. მაშინაც კი, თუ საქართველო ჩინეთის უზარმაზარი ბაზრის მხოლოდ უმცირეს წილს (მაგალითად, 0.5%-ს ან 1%-ს) აითვისებს, ეს ქართული ეკონომიკისთვის, კოლოსალური ბიძგი და გარანტირებული შემოსავალი იქნება“, - განაცხადა ეკონომისტმა.

მისი შეფასებით, მიუღებელია რიგი სახელმწიფოების დამოკიდებულება და კრიტიკა, როცა არც აშშ, არც ევროპის სახელმწიფოები, საქართველოს არ სთავაზობენ იმ დონის ურთიერთობებს, რაც ჩინეთს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობაში გამოარჩევს.

,,იმდენად დიდია ჩინეთის ეკონომიკის მასშტაბი, ყველა მიმართულება შეგვიძლია წარმატებით ავითვისოთ. ამ ქვეყნის  მზარდ პოტენციალს რუსეთიც და  აშშ-ც უფრო მეტად უწევენ ანგარიშს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მოსახლეობის ერთ სულზე 3,5-ჯერ მაღალი აქვს აშშ-ს ჩინური საქონლის იმპორტი, ვიდრე საქართველოს. ამიტომ ამ მიმართულებით რაიმე ნეგატიური განცხადების გაკეთება საფუძველს მოკლებულია.

ის, რომ საქართველოს მთავრობას ჩინეთთან ურთიერთობის შესუსტებისკენ მოუწოდებენ, უსაფუძვლოა. მაშინ დაიყვანონ ურთიერთობები იმ დონეზე, როგორიც აქვს ჩინეთს საქართველოსთან და წესები მერე გვიკარნახონ“, - უთხრა ,,რეზონანსს“ სოსო არჩვაძემ.

ანალოგიური მოსაზრებისაა ანალიტიკოსი ნოდარ კაპანაძე, რომლის შეფასებითაც,  ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება დიდად მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის, ვინაიდან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები და „შუა დერეფნის“ პროექტში აქტიური მონაწილეობა საქართველოს აქცევს ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. 

,,პრემიერის პოზიცია ჩინეთთან დაკავშირებით ზედმიწევნით განსაზღვრული და ჩამოყალიბებულია. ამ ქვეყანასთან ურთოერთობას ურთიერთობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რასაც მივესალმები, მთავრობის ეს გადაწყვეტილება სწორია. სხვა ქვეყნები ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობენ, ნაკლებად უნდა გვაღელვებდეს. ჩინეთი მსოფლიო რეალური ეკონომიკის ძალიან დიდი წილის მფლობელია და ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი პარტნიორია. შუა დერეფანი და მთელი ჩვენი ტრანზიტული ფუნქცია დიდწილად სწორედ ჩინურმა ტვირთებმა უნდა განსაზღვრონ.

ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები და „შუა დერეფნის“ პროექტში აქტიური მონაწილეობა საქართველოს აქცევს ლოგისტიკურ ჰაბად, რომელიც  აზიასა და ევროპას აკავშირებს. ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს ინფრასტრუქტურასა და ტრანსპორტში, უცხოური ინვესტიციების შემოდინებას და ქვეყნის გეოპოლიტიკური წონის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე.

რაც მთავარია და მნიშვნელოვანია პეკინი თავის იდეოლოგიას არ გვახვევს, თანამშრომლობენ ეკონომიკურად და კულტურული თვალსაზრისითაც. ევროპელებმა რამდენჯერმე დაგვამუნათეს ჩინეთთან ურთიერთობის გამო, მაგრამ თვითონ დიდად ვერაფერს გვთავაზობენ“, - აღნიშნა ნოდარ კაპანაძემ ,,რეზონანსთან“ საუბრისას.

ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კუთხით, ჩინეთმა და საქართველომ  2026  წლის აპრილში ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოდერნიზების ოქმს, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ ინვესტიციებს. ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა კვლავ იზრდება და გასულ წელს 2,7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 19,5%-იანი მატებაა.

ცნობისთვის, 2024 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა - 17%-ით, 2025 წელს - 21%-ით, ხოლო 2026 წლის იანვარ-აპრილში - 45%-ით გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×