რეზონანსი
11.06.2026

რუსეთმა სომხეთიდან მთელი საკარანტინო პროდუქციის იმპორტი აკრძალა. სიაში ათეულობით დასახელების პროდუქცია შედის, მათ შორის ბოსტნეული, ხილი, კენკრა, თხილეული, ყავა.

რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური 12 ივნისიდან ზღუდავს სომხეთიდან რუსეთში მთელი საკარანტინო პროდუქციის შეტანას, ასევე მის ტრანზიტს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ სხვა ქვეყნებში.

უწყების განცხადებით, სომხეთიდან შემოტანილ პროდუქციაში სისტემატურად ფიქსირდება საკარანტინო ობიექტები (მავნებლები და დაავადებები), და მიუხედავად სომხური მხარის გაფრთხილებისა, ეს პრობლემა კვლავ არ არის გადაჭრილი.

გარდა ამისა, „როსსელხოზნადზორის“ მტკიცებით, ივნისში დაფიქსირდა სამი შემთხვევა, როდესაც სომხური თხილი, გამხმარი ატამი და გამხმარი პომიდორი კაპრის ხოჭოთი იყო დაზიანებული.

საკარანტინო პროდუქციას მიეკუთვნება მაღალი ფიტოსანიტარული რისკის მქონე საქონელი.

„როსსელხოზნადზორის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ჩამონათვალში შედის ყვავილები, ბოსტნეული, ხილი, კენკრა, მარცვლეული კულტურები, თამბაქო, ხე-ტყე და სხვა მრავალი პროდუქტი.

ცნობისთვის, „როსსელხოზნადზორმა“ სომხური პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესება ჯერ კიდევ მაისში დაიწყო. თავდაპირველად აიკრძალა ყვავილების შეტანა, შემდეგ მინერალური წყლის „ჯერმუკის“ იმპორტი, მოგვიანებით კი შეზღუდვები გავრცელდა ყვავილებზე, ბოსტნეულზე, მარწყვზე, ჩირზე და სხვა პროდუქტებზეც.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საზედამხედველო ორგანოები სხვადასხვა ქვეყნიდან პროდუქციის იმპორტზე აკრძალვებს რეგულარულად აწესებენ და ხშირად ეს ემთხვევა მოსკოვისა და შესაბამისი ქვეყნების ურთიერთობების გაუარესებას. ასე მოხდა, მაგალითად, 2006 წელს ქართული და მოლდოვური ღვინოებისა და მინერალური წყლების აკრძალვის შემთხვევაში, 2014–2015 წლებში პოლონური ხილისა და ბოსტნეულის მიმართ, ხოლო 2015 წელს – თურქული პომიდვრის იმპორტის შეზღუდვისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×