
თუკი, საბოლოოდ, ჯო უილსონის კანონპროექტი ძალაში შევა, ცხადი გახდება, თუ რის გამო ითრევს ფეხს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და რატომ არ ალაგებს ურთიერთობას საქართველოსთან, - წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი.
როგორც ის აღნიშნავს, ცხადი გახდება ისიც, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ ისეთივე მარიონეტები არიან, როგორც მაკრონი ან მერცი.
შათირიშვილის განცხადებით, თუკი მოვლენები იმგვარად განვითარდა, რომ უილსონის კანონპროექტი საბოლოოდ ძალაში შევა, გამორიცხული არ არის, კონგრესმა საქართველოს სანქციები დაუწესოს.
„ცხადი გახდება ისიც, რომ საქართველოსთან მიმართებაში თავადაც იმ პოლიტიკას ატარებენ, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციას მიაწერდნენ; ცხადი გახდება, რომ კონგრესი და ადმინისტრაცია არა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არამედ უნისონში, „დიფ სთეითის“ დავალებით მოქმედებენ;
რაც მთავარია, ცხადი გახდება, რომ ახალი ადმინისტრაციაც და კონგრესიც „დიფ სთეითისგან“ იმართება, ხოლო დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ ისეთივე მარიონეტია, როგორც მაკრონი, ან მერცი.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი პროცესები ამგვარად წარიმართა, ეს იქნება ყველაზე აშკარა მტკიცებულება იმისა, რასაც უკვე კარგა ხანია ფაქტებითა და მაგალითებით ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და ის და მისი ადმინისტრაციაც ისევე ემსახურებიან „დიფ სთეითს“, როგორც მისი წინამორბედი.
ასე რომ, კომიკური ჯო უილსონის კანონპროექტის მომავალი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია ამ ყველაფრისა. ამიტომაც, საქართველო, საზოგადოება და მმართველი გუნდი მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, მათ შორის „დიფ სთეითის“ მორიგი დარტყმისთვის, რასაც მომზადებულები და ინფორმირებულები უნდა შევხვდეთ.
პ.ს. თუკი მოვლენები ამ სამწუხარო მიმართულებით განვითარდა, გამორიცხული არაა, რომ კონგრესი ევროპარლამენტის როლში ვიხილოთ და მაგალითად, საქართველოს „ბომბეიდან - ლონდონამდე გვირაბის გაყვანისთვის“, ანუ ირანის ინტერესების გატარებისთვის დაუწესონ სანქციები...“, - წერს ზაზა შათირიშვილი.