
მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ირანს ამაღამ „ძალიან ძლიერად დაარტყამდა“, სპარსეთის ყურისა და სამხრეთ აზიის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებმა ბოლო წუთებში პრეზიდენტთან სატელეფონო კონტაქტი დაამყარეს მისი პოზიციის შესაცვლელად. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
როგორც რამდენიმე წყარომ გამოცემას განუცხადა, საუბრები, რომლებიც ადრე არ გასაჯაროებულა, გაიმართა კატარის ემირთან თამიმ ბინ ჰამად არ თანისთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან და პაკისტანის თავდაცვის მინისტრთან ასიმ მუნირთან.
მათი თქმით, აღნიშნული ქვეყნები გარკვეულ გავლენას ახდენენ თეირანზე და ირანის უზენაეს ლიდერთან მოჯთაბა ხამენეისთან დაკავშირებულ პროცესებზე. სწორედ მათგან მიღებულმა გარანტიებმა, რომ შეთანხმება ახლოს იყო, როგორც ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, ტრამპი აიძულა შეეცვალა სამხედრო მოქმედების გეგმა. თეთრი სახლის ლიდერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ შეთანხმება შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირას გაფორმდეს.
„ჩვენ ახლახან მივაღწიეთ დიდ შეთანხმებას ირანთან ომის დასრულების შესახებ და ახლა დოკუმენტების საბოლოო ფორმალიზებას ველოდებით. მომდევნო რამდენიმე დღეში ყველაფერი დასრულდება“, - განაცხადა მან თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
თუმცა ირანის მხარე განსხვავებულ სურათს წარმოაჩენს. სახელმწიფო მედიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ესმაელ ბაღეიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე შეთანხმებულია, თუმცა თეირანი საკუთარ „წითელ ხაზებზე“ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. „ირანს ჯერ საბოლოო შეთანხმებამდე არ მიუღწევია“, - აღნიშნა მან.