რეზონანსი
12.06.2026

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, მოქალაქეებს მცირე სააგარაკე სახლების მშენებლობასა და სხვა სამუშაოების შესრულებაზე შეუთანხმდნენ და ნაკისრი ვალდებულებების სწრაფად შესრულების საბაბით, მათ თანხის წინასწარ გადახდა მოსთხოვეს. ბრალდებულებმა როგორც პირადად, ასევე, იურიდიული პირის სახელით, დამკვეთებთან გააფორმეს ფიქტიური გარიგებები და მათგან ჯამში 164 000 ლარი მიიღეს, რაც სრულად მიისაკუთრეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×