
დონალდ ტრამპის მიერ ირანთან მიღწეული შეთანხმება ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის „მწარე წამალია“, - ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ აქვეყნებს.
„ხუთშაბათს, საღამოს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაურეკა და ისეთი ამბავი გადასცა, რომლის მოსმენაც მას არ სურდა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა“, - წერს გამოცემა.
„აქსიოსის“ ცნობით, ნეთანიაჰუ არ იზიარებს ტრამპის შეხედულებას ირანთან ომის დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების დადების შესახებ. როგორც გამოცემა აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირზე დაყრდნობით წერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სჯეროდა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ომს შეიძლებოდა, თეირანში რეჟიმის შეცვლა გამოეწვია.
„ეს შესანიშნავი შეთანხმებაა და დროა, ეს ომი დავასრულოთ“, - წყაროს თქმით, განუცხადა ტრამპმა ნეთანიაჰუს.
თუმცა, როგორც აშშ-ის ოფიციალურმა პირმა „აქსიოსთან“ აღნიშნა, ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ნეთანიაჰუმ, „როგორც ჩანს, გააცნობიერა, რომ მას არ შეუძლია, ტრამპს ხელი შეუშალოს შეთანხმების ხელმოწერაში“. ამასთან, როგორც „აქსიოსი“ წერს, ირანთან ურთიერთობების გამწვავების შემდეგ, ნეთანიაჰუ გეგმავდა ირანის ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმების განხორციელებას, ვიდრე ტრამპი მას ბოლო მომენტში შეაჩერებდა.
აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, როდესაც ტრამპმა აშშ-ირანის შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან ერთი საათის შემდეგ დაურეკა ნეთანიაჰუს, მას გაკვირვება არ გამოუხატავს და არც წინააღმდეგობა გაუწევია.
„ნეთანიაჰუმ ალბათ იცოდა, რომ შეთანხმება მალე დაიდებოდა და მას არ შეეძლო მისი შეჩერება“, - აღნიშნა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.