
პარტია „გახარია-საქართველოსთვის" შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პარტია მოუწოდებს სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, ბიზნესსა და საზოგადოებას, შშმ პირთა უფლებები განიხილონ როგორც ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და ეროვნული გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველი.
„14 ივნისი საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეა. თუმცა, შშმ პირთა უფლებები არ განისაზღვრება მხოლოდ ღონისძიებებითა და დეკლარაციებით.
მათი რეალური საზომია ის, შეუძლია თუ არა ადამიანს დამოუკიდებლად გადაადგილება, განათლების მიღება, ჯანდაცვაზე წვდომა, დასაქმება და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება. ინკლუზია იწყება ადრეული ასაკიდან და მოიცავს ცხოვრების ყველა ეტაპს: საბავშვო ბაღს, სკოლას, უმაღლეს განათლებას და შრომის ბაზარს. მიუხედავად არსებული პროგრესისა, დღესაც მრავალი შშმ პირი აწყდება ბარიერებს საცხოვრებელ გარემოში, ტრანსპორტში, განათლებაში, ჯანდაცვაში, რეაბილიტაციაში, დასაქმებასა და ციფრულ სივრცეში. გვჯერა, რომ სახელმწიფოსა და შშმ პირების გაძლიერება ურთიერთდაკავშირებულია.
როდესაც სახელმწიფო ინვესტიციას დებს ხელმისაწვდომ გარემოში, ინკლუზიურ განათლებაში, ჯანდაცვაში, რეაბილიტაციასა და დასაქმების ხელშეწყობაში, იგი აძლიერებს ქვეყნის ადამიანურ კაპიტალს. ხოლო, როდესაც შშმ პირები იღებენ განათლებას, მუშაობენ და მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისინი აძლიერებენ სახელმწიფოსა და ეკონომიკას.
ამიტომ, შშმ პირთა პოლიტიკა არ უნდა განიხილებოდეს სოციალურ ხარჯად. ეს არის ინვესტიცია, რომელსაც მოაქვს ეკონომიკური, სოციალური და დემოკრატიული სარგებელი. ფუნქციური შესაძლებლობების ზრდის აუცილებელი წინაპირობაა სრულად ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, მათ შორის დიაგნოსტიკა, მკურნალობა, მედიკამენტები, რეაბილიტაცია, დამხმარე საშუალებები და სპეციალიზებული მომსახურება. ფინანსური მდგომარეობა არ უნდა განსაზღვრავდეს ადამიანის ჯანმრთელობისა და განვითარების შესაძლებლობას. ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელია კორუფციის პრევენციის, გამჭვირვალობისა და კანონის ეფექტიანი აღსრულების გარეშე. ამიტომ აუცილებელია: 1. კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და გამჭვირვალე მმართველობა; 2. შშმ პირთა უფლებების დაცვის ძლიერი სამართლებრივი მექანიზმები; 3. სრულად ხელმისაწვდომი ჯანდაცვა; 4. ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, ფიზიკური და ციფრული გარემო; 5. ინკლუზიური განათლება ადრეული ასაკიდან; 6. ეფექტიანი რეაბილიტაციისა და ფუნქციური მხარდაჭერის სისტემა; 7. დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკა. მხოლოდ ამ მიმართულებების ერთიანი განხორციელებით შეიქმნება სახელმწიფო, სადაც შშმ პირთა უფლებები დაცული იქნება არა კეთილ ნებაზე, არამედ სისტემური პოლიტიკითა და რეალური შესაძლებლობებით. ამ დღის მთავარი გზავნილი უნდა იყოს არა თანაგრძნობა, არამედ თანასწორობა; არა ქველმოქმედება, არამედ უფლებები; არა იზოლაცია, არამედ სრული მონაწილეობა. მოვუწოდებთ სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, ბიზნესსა და საზოგადოებას, შშმ პირთა უფლებები განიხილონ როგორც ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და ეროვნული გაძლიერების მნიშვნელოვანი საფუძველი.
შშმ პირებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული უფლებები, მათ სჭირდებათ თანაბარი შესაძლებლობები. გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მიღებიდან 20, ხოლო საქართველოს მიერ მისი რატიფიცირებიდან 12 წელი გავიდა. დროა, ფრაგმენტული ცვლილებები შეიცვალოს ფუნდამენტური რეფორმებით, რომლებიც გააერთიანებს ჯანდაცვას, რეაბილიტაციას, ხელმისაწვდომობას, განათლებას, დასაქმებას, სამართლებრივ დაცვასა და ეფექტიან მმართველობას.
14 ივნისი არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი დღის სიმბოლო. ეს დღე უნდა იყოს შეხსენება, რომ ინკლუზიური საქართველო ჯერ კიდევ შესაქმნელია. საქართველო, სადაც ყველა ადამიანი, მიუხედავად თავისი შესაძლებლობებისა, თანაბარი ღირსებით, თანაბარი უფლებებითა და თანაბარი შესაძლებლობებით მონაწილეობს ქვეყნის განვითარებაში", - აღნიშნულია პარტია „გახარია-საქართველოსთვის" განცხადებაში.