რეზონანსი
14.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოება წლების განმავლობაში საუბრობდა საპოლიციო სისტემაში ძალის გადამეტების, არასათანადო მოპყრობისა და დაუსჯელობის პრობლემაზე - წლებია უკვე ეს არ არის ცალკეული პოლიციელების თვითნებური ქმედებები, ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ პარტიას ეკისრებათ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც „ტვ.პირველის" ეთერში გასულ კადრებს ეხმიანება, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სწორედ მმართველი პარტიის მიდგომები და პრემიერი ირაკლი კობახიძის მიერ არაერთხელ გამოხატული "ნულოვანი თანაგრძნობის" პოლიტიკა განაპირობებს იმ მძიმე სურათს, რომელსაც საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში ყოველდღიურად ხედავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ეხმიანება ტელეკომპანია „პირველის" ეთერში, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ სიუჟეტს, რომელიც პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემისა და მათზე არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ეხება.

ქართული სამოქალაქო საზოგადოება წლების განმავლობაში საუბრობდა საპოლიციო სისტემაში ძალის გადამეტების, არასათანადო მოპყრობისა და დაუსჯელობის პრობლემაზე. სწორედ მსგავსი ფაქტების სიმრავლის გამო, წლების განმავლობაში ვითხოვდით ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებასა და ეფექტიანი საგამოძიებო მექანიზმების შექმნას.

მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ამან პრობლემა თვისობრივად ვერ მოაგვარა. უფრო მეტიც, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, კოკა კაციტაძე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „მაგნიტსკის" სანქციების სიაში აღმოჩნდა, სწორედ იმ საფუძვლით, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილი სისტემური წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოძიება არ მოხდა.

იმის ნაცვლად, რომ „ქართულ ოცნებას" და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ეს უმძიმესი პრობლემა მოეგვარებინათ, მათ საერთოდ გააუქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ამასთან, არამხოლოდ პოლიტიკური რიტორიკისა, არამედ პრაქტიკის დონეზე დაამკვიდრეს პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტების იგნორირების, დაზარალებულთა მიმართ ნულოვანი თანაგრძნობისა და დაუსჯელობის პოლიტიკა. ამის დასტურია გავრცელებული ინფორმაცია, რომ 2026 წლის თებერვალში არასრულწლოვანის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების საფუძვლით დაკავებული პოლიციელი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, შესაბამისად მან პატიმრობაში მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა. გარდა ამისა, დღემდე არ მომხდარა 300-მდე პირის მიმართ საპოლიციო ძალების მხრიდან განხოციელებული წამებისა თუ არაადამიანური მოპყრობის ეფექტიანი გამოძიება.

სწორედ მმართველი პარტიის ეს მიდგომა და ირაკლი კობახიძის მიერ არაერთხელ გამოხატული ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკა განაპირობებს იმ მძიმე სურათს, რომელსაც საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში ყოველდღიურად ხედავს. წლებია უკვე ეს არ არის ცალკეული პოლიციელების თვითნებური ქმედებები, ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ პარტიას ეკისრებათ.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წლების განმავლობაში საუბრობდა პოლიციის მიერ ჩადენილი წამების, ცემის, უკანონო გაშიშვლების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სხვა მძიმე დარღვევების შესახებ:

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×