
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა გამოეხმაურა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომელიც ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლების შეზღუდვას ეხებოდა. ამ თემაზე დეპუტატმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ, ამ განცხადების მოსმენის შემდეგ პირველი, რაც გამახსენდა, არის ჯორჯ ორუელის ძალიან მნიშვნელოვანი ალეგორიული ნაწარმოები „ცხოველების ფერმა“, სადაც მთავარი გზავნილი არის, რომ ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ევროკავშირი იპოვის საკუთარ თავში იმის ძალას, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს, რადგან ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ფუნდამენტს, მთავარ იდეას ეწინააღმდეგება. მაგრამ ზოგადად, ევრობიუროკრატიის მხრიდან კანდიდატი ქვეყნების მიმართ დამოკიდებულება ძალიან კარგად არის ფორმულირებული მარტა კოსის ამ განცხადებაში. მარტა კოსი და მოქმედი ევრობიუროკრატია ცდილობენ დაყონ ევროკავშირის წევრები და მომავალი წევრები პირველხარისხოვან და მეორეხარისხოვან ქვეყნებად. როგორც ვხვდებით, ჩვენ ალბათ მეორეხარისხოვნების კალათაში მოგვიაზრებენ. მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ ევროკავშირთან ურთიერთობებს და ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ იმას, რომ ევროკავშირი დაიბრუნებს თავის პირვანდელ ფორმას და ქალბატონი კოსის განცხადება დარჩება მხოლოდ განცხადებად და მას არ მიეცემა შემდეგი მსვლელობა“, - განაცხადა ფაღავამ.
მან ასევე დასძინა, რომ ნებისმიერი უფლებრივი შეზღუდვა, რომელსაც სამართლებრივი არგუმენტი არ ამართლებს, დისკრიმინაციაა.