
მოულოდნელი და ახალი ამ რეზოლუციაში არაფერი ყოფილა, უკვე ოთხი წელია შევეჩვიეთ მსგავს რეზოლუციებს. ეს დაკავშირებულია სწორედ იმ პოლიტიკასთან, რომელიც გააჟღერა მარტა კოსმა იმ განცხადებასთან ერთად, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროპარლამენტის ანგარიშზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს არის ერთი მთლიანი მიმდინარეობა და დამოკიდებულება იმ ქვეყნებთან, რომელიც მათ ინტერესებს ვერ პასუხობს ისეთი სათანადო მორჩილებით, როგორსაც ისინი ითხოვენ კანდიდატი ქვეყნებისგან და წევრი ქვეყნებისგანაც.
„თუ ადრე ცოტა სხვანაირი მიდგომა იყო კანდიდატ ქვეყნებთან, ახლა უკვე თუ რომელიმე ქვეყანა გაწევრიანდება, იქ მას დახვდება ისეთი გარემო, როგორშიც არ ვუსურვებ არვის და არ ისურვებდა არც ერთი საკუთარი თავის პატივისმცემელი სახელმწიფო გაწევრიანებას და ყოფნას.
ევროკავშირი არ არის დედამიწაზე ერთადერთი პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება. მათ ჰგონიათ, რომ ის სამყაროს ცენტრია და ამ დროს ეს ასე არ არის. ის არ შედის ახალი მსოფლიო წესრიგის მონახაზში, როგორც პოლიტიკური ცენტრი და მათი ამბიციები და დამოკიდებულება ისეთი ქვეყნებისადმი, როგორიცაა საქართველო და სხვა, არის აბსოლუტურად მოკლებული ყოველგვარ რეალობას.
მე ვფიქრობ ყველა კანდიდატ ქვეყანას ექნება საკუთარი პოზიცია, თუ მარტა კოსის განცხადება იქცევა რეალობად“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.