რეზონანსი
17.06.2026

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ის არ ეთანხმება პარტიის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას და მიიჩნევს, რომ პარტიაში ხელმძღვანელი პირების არჩევის საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პარტიაში გარკვეული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია უკვე დიდი ხანია განიხილება და აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელი და გვარი სახელდებოდა.

„თვეზე მეტია ვიცი, რომ კონკრეტული სახელი და გვარები განიხილება. დარწმუნებული ვარ, თინამაც იცოდა, თუმცა რეალობა არის ის, რომ ეს გაუგებრობა შეიქმნა. სინამდვილე არის ის, რომ არსებობს კონკრეტული პრობლემები. ნანუკასთან [ჟორჟოლიანი] ერთად და მისი პლატფორმა - „უმრავლესობა“დაგვემატება. ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან. ჩემი მეგობარია ლუკა ჭოხონელიძე და სხვა ახალგაზრდები. ეს არის სიმდიდრე, რომელსაც პარტია იმატებს იმ ვითარებაში, როდესაც „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას აკრძალავს. ყველამ კარგად ვიცით და არ მოვიტყუოთ თავი, „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარე და გამოკვეთილი ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა მკაფიოდ დაწერა, რომ შიდა დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია თავმჯდომარე აირჩეოდეს და პირდაპირი დემოკრატია ამუშავდეს. ლევან ხაბეიშვილი ცუდი ფორმით გადააყენეს პარტიის თავმჯდომარეობიდან და მეგონა ამაზე ისაუბრებდა თინა ბოკუჩავა, თუმცა ამაზე არ იყო საუბარი. საუბარი იყო იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი ხუთი წელია, რაც ციხეშია. სრულად ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს იმ ნაწილში, რომ პარტიას სჭირდება ისეთი სოცმედია პლატფორმები, რომელიც უკვე შექმნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

იმ განცხადებას, რაც დღეს თინა ბოკუჩავამ გააკეთა, არ ვეთანხმები. პარტიას სხვა პრობლემები აქვს. თინა ბოკუჩავას და სხვა ხელმძღვანელ პირებს ვადა ამოეწურათ. პარტიაში უნდა დაიწყოს მსჯელობა იმაზე თუ როგორ უნდა მოხდეს კონკრეტული ადამიანების არჩევა“,- განაცხადა ფარულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×