რეზონანსი
19.06.2026

სასამართლოში კანონიერი ქურდის, ელმურაზ მამედოვის და მასთან კავშირში მყოფი პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საბრალდებო სკამზე სხედან ელმურაზ მამედოვის დაჯგუფების წევრები, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, წლების განმავლობაში ატერორებდნენ მარნეულში მცხოვრებ ბიზნემსმენებს, მცირე მეწარმეებს, რომლებსაც სთხოვდნენ ბიზნესიდან შემოსული თანხებიდან გარკვეული წილი მიეცათ. ამ ეტაპზე, ისინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ  და წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ, თუმცა, საინტერესოა დღეს რას იტყვიან სასამართლო პროცესზე. საბრალდებო სკამზე არ ზის თავად ელმურაზ მამედოვი, რადგან ის საქართველოში არ იმყოფება და  ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. როგორც მისი ადვოკატი „TV პირველს“ ეუბნება, დღევანდელ პროცესზე მოითხოვს აღკვეთის გარეშე დარჩეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რადგან მისი თქმით, საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მამედოვი წლების განმავლობაში უმძიმეს დანაშაულებს ჩადიოდა.

„საქმის მასალებს გავეცანი, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ მისი ნებართვის გარეშე, ჯერჯერობით, მისი პოზიცია უცნობია, მასთან კომუნიკაცია არ დამყარებულა. რაც შეეხება შუამდგომლობას, დაცვის მხარე მოითხოვს აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას და სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას, ელმურაზ მამედოვის მიმართ. ვინაიდან ბრალდებულის პოზიცია უცნობია, აქედან გამომდინარე მოვითხოვთ აღკვეთის გარეშე დატოვებას.საქმეში დევს საპოლიციო პატაკები და ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, რაც შეეხება მოწმეტა ჩვენებებს-პირდაპირ არცერთი მოწმე არ ადებს მას ხელს და დანარჩენს უკვე გამოძიება დააადგენს“, - ამბობს ადვოკატი.

პროკურორის თქმით, საქმეში ქურდული სამყაროს 3 წევრი ფიგურირებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ მუქარებს და სძლავდნენ ხალხს ფულს.

„აქ არის ქურდული სამყაროს 3 წევრი, მათ შორის ელმურაზ მამედოვი, ელმადინ ჰუსეინზადა, რომლებიც არიან ქურდული სამყაროს წევრები და სწორედ ისინი ახორციელებდნენ სხვადასხვა ქმედებებს - გამოძალვა, იძულება და ამ მხრივ არიან ჩართულები ქურდული სამყაროს საქმიანობაში. ელმურაზ მამედოვი უკრავშირდებოდა სხვადასხვა პირებს, მათ მიმართ ახორციელებდა მუქარას, სძალავდა თანხებს და მერე ისინი იძულებულები ხდებოდნენ სხვა პირებისთვის მიემართათ, რათა დალაპარაკებოდნენ მამედოვს და მოეგვარებინათ საქმე. ამ ფაქტებზე წაყენებული აქვს ბრალი ელმურაზ მამედოვს, ასევე მათთან კავშირში მყოფ პირებს და ვითხოვთ პატიმრობას. არცერთი მათგანი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან“, - განაცხადა როინ ხინთიბიძემ.

თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს.  ირკვევა, რომ სახლების გადაწვის უკან, ე.წ. კანონიერი ქურდები იდგნენ. დასახელდა საზღვარგარეთ მყოფი „კრიმინალური ავტორიტეტის“ – ელმურაზ მამედოვის გვარი. გამოძიების ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულები ფინანსური დავების მოსაგვარებლად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც მამედოვი მონაწილეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×