
თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილეს სიძულვილის ენის წინააღმდეგ შექმნილი სამმართველოს მორიგი საქმე. შსს ინფორმაციით მოქალაქე გიორგი გოგიამ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ბერა ივანიშვილს, რის გამოც მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. პროცესი 26 ივნისს გადაიდო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე გიორგი გოგიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი წვრილმანი ხულიგნობის, 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შედგა, რაც სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ დააიდენტიფიცირა. უწყების იურიდიული დეპარტამენტის განმარტებით, საქმის მასალები სასამართლოს უკვე გადაეცა.
„გიორგი გოგიას მიმართ სამართალდარღვევა და ოქმი, შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რადგან მან საჯაროდ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა ბერა ივანიშვილს, შესაბამისად აღნიშნული ფაქტი დაიდენტიფიცირდა, შესაბამისი სამმართველოს მიერ, რომელმაც შემდგომ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ოქმთან ერთად გადმოიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში“, - აცხადებს შსს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი სალომე ქირია.