რეზონანსი
19.06.2026

რუსთაველის გამზირზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

შეკრებილები მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უსამართლოა.

კარდიოლოგ ანზორ მელიას თქმით, 72 წლის მეცნიერისა და ექიმის პატიმრობაში დატოვება მიუღებელია და საზოგადოების შეურაცხყოფას წარმოადგენს.

„მთავრობას მინდა ვუთხრა, გეყოფათ. მეცნიერ კაცზე ასეთი რაღაცების გაკეთება არ შეიძლება. როგორ შეიძლება 72 წლის კაცი საპატიმროში ჩასვა. ეს ყველა ქართველის შეურაცხყოფაა. ჩვენ საქართველო ვართ, რუსეთი არ ვართ. ქართველ ხალხს მოთმინების ფიალა რომ აევსება, მერე ჩემ მტერს. დაწყნარდნენ!

წყალს ასმევდა კაცი. ასულიერებდა ხალხს აქციაზე. ამაში რა არის ცუდი?! ექიმი შეიძლება არ დაეხმაროს, წყალი არ დაალევინოს, არ ააყენოს? რა გააკეთა ბატონმა გოგიმ ასეთი? ბატონო გოგი, მაგრად იყავით. მეცნიერი კაცი ხართ. ექიმები მშიშრები არიან, სად არიან? აქ უნდა იდგნენ მისი მოწაფეები“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

გიორგი ჩახუნაშვილის შვილის, დავით ჩახუნაშვილის განცხადებით, ასეთი გადაწყვეტილება დიდ პროტესტს უნდა იწვევდეს.

„ვინც არ ეგუება ამ უსამართლობას სასურველია თავისი აზრი დააფიქსიროს, გვერდში დაუდგნენ ფიზიკურადაც. ვიმედოვნებ რომ ბევრი კოლეგა შემოგვიერთდება. ველოდებით ყველას, მიუხედავად იმისა, აცვიათ თუ არა თეთრი ხალათი. ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იწვევდეს დიდ პროტესტს საზოგადოებაში”,- აცხადებს დავით ჩახუნაშვილი.

ინფორმაციისათვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი - ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.მისი განაჩენით, ყველას მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სხდომათა დარბაზში დააკავეს გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ყველა მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. საერთო ჯამში, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 64 პირიდან საპროცესო შეთანხმება 22 პირს გაუფორმდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×