
ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში და ყალბ ერთობად მისი შეფასება საერთო ამოცანების ვერ გააზრებად მიმაჩნია, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განცხადებით, იმედს იტოვებს, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი.
„ალიანსში მიმდინარე შიდა „ჩხუბებზე“ (ასე დავარქმევ იმ პროცესს) სრულიად მიზანმიმართულად ვდუმდი. ვდუმდი მაშინაც, როცა ჩემი პარტია იყო თავდასხმის ობიექტი. ვერ დაგიმალავთ და სირცხვილითაც ვიწვოდი, თუ რა გარჩევებს ვაკადრებდით საზოგადოებას.
ახლა, როდესაც თავდასხმის ობიექტი ხდება მედია, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზეა, მათ შორის ფიზიკური ზიანით, აწ უკვე სისხლის სამართლის გამოძიებით, ძალიან მნიშვნელოვანი მხილების მასალით, უამრავი ფასეული ადამიანის წარმოჩენით და უკიდურესად შეზღუდული რესურსით, თავს მოვალედ ვთვლი, სრული მიუღებლობა გამოვხატო მსგავსი თავდასხმების მიმართ.
ახლაც დარწმუნებული ვარ ერთობის, ალიანსის აუცილებლობაში და ყალბ ერთობად მისი შეფასება საერთო ამოცანების ვერ გააზრებად მიმაჩნია. იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი და ჩემი მხრივ, მზაობას ვაცხადებ არაერთ დისკომფორტულ წევრთან თანამშრომლობაზე“, - წერს ხოშტარია.