
უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ 26 ივნისს საგაზაფხულო სესია სრულდება.
მისივე თქმით, ამ კვირაში, პარლამენტში დაგეგმილია სახალხო დამცველის, გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის და კვირის ბოლო დღეს კი, პრემიერ-მინისტრის ანგარიში.
"ტრადიციულად ჩატარდა უმრავლესობის სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში. მოგეხსენებათ, რომ ეს არის საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირა, 26 ივნისს მთავრდება საგაზაფხულო სესია. საკმაოდ დახუნძლულია, როგორც კანონპროექტებით, ასევე ანგარიშებით მიმდინარე კვირა. უმრავლესობაზე, ძირითადად ამ საკითხებზე გვქონდა მსჯელობა. ხვალ მოვუსმენთ სახალხო დამცველის ანგარიშს, ორშაბათს იქნება გენერალური პროკურორის ანგარიში პარლამენტში, ხუთშაბათს გენერალური აუდიტორის ანგარიში და პარასკევს კი, საგაზაფხულო სესიას დახურავს პრემიერ-მინისტრის ანგარიში პლენარულ სხდომაზე. არის მათ შორის დაჩქარებული კანონპროექტები, რომელსაც ჩვენ ამ კვირაში მივიღებთ. რაც შეეხება ჯარიმების საკითხს, საზოგადოებას ამის შესახებ პარასკევს ვამცნეთ, დღეს კი უკვე ბიუროზე გავიდა. ჩვენ ამას დაჩქარებული წესით მივიღებთ. შესაბამისად, ახალი რეგულაციები და შემცირებული ჯარიმები ძალაში უკვე ამ კვირიდანვე შევა, როგორც კი სამივე მოსმენით იქნება მიღებული ეს კანონპროექტი.
ასევე, გრძელდება აქტიური კონსულტაციები და დაკვირვება სხვადასხვა მიმართულებით, ჯარიმების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. როგორც კი რაიმე სიახლე იქნება აუცილებლად ვაცნობებთ საზოგადოებას. ასევე, უმრავლესობის ფორმატში განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებები კანონპროექტების მიხედვით, რომლებზეც მიუხედავად ზაფხულისა, ჩვენი გუნდი დარგობრივად სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებს - თუ რით დავიწყებთ ჩვენ საშემოდგომო სესიას და რა მიმართულებით გვექნება საკანონმდებლო ცვლილებები თუ ინიციატივები. უკვე განვლილი საგაზაფხულო სესია ერთგვარად შევაჯამეთ,"- აცხადებს ირაკლი კირცხალია.