
დირექტივებითა და მბრძანებლური ტონით საუბარს არ მივიღებთ და ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შმდეგ, ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იგივე ფასი აქვს იმ რეზოლუციებს, რაც ფასიც აქვს სამშობლოს მოღალატეებს:
"დირექტივებითა და მბრძანებლური ტონით საუბარს არ მივიღებთ და ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და სწორედ ამაზე წუხან ჩვენი ე.წ. მეგობრები და ე.წ. პარტნიორები.
მათ სიტყვა პარტნიორობის განმარტება ნამდვილად არ იციან, მათ პარტნიორობა დირექტივები და თითის ქნევით საუბარი ჰგონიათ, ჩვენს ქვეყანასთან და საზოგადოებასთან ეს ნამდვილად არ გამოუვათ. მათი მხრიდან ბევრი აბსურდული დირექტივა მოგვისმენია, ბევრი დირექტივა მოგვისმენია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. იგივე ფასი აქვს იმ რეზოლუციებს, რაც ფასიც აქვს იმ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც თავის ქვეყნის წინააღმდეგ ძალას არ იშურებენ და დესტრუქციას დესტრუქციაზე, სანქციას სანქციაზე ითხოვენ," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოთხშაბათს, ზაფხულის პლენარული სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს, რომლის ფარგლებშიც მომზადებულია რეზოლუციის პროექტი.