
„კლიმატის ცვლილების პირობებში ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ზაფხული ცხელი გვექნება“, - ამის შესახებ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შედარებით გრილი ამინდებია, მომავალ პერიოდში შესაძლოა, ჰაერის ტემპერატურამ იმატოს და ივლისი-აგვისტო ცხელი იყოს.
„ზაფხული ცხელი თუ არა თბილი გვექნება. მე არც მახსენდება სხვანაირი ზაფხული საქართველოში, თუმცა კლიმატის ცვლილების პირობებში ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ ზაფხული ცხელი გვექნება. ეტყობა კიდეც ეს - რომ როგორც კი სიგრილე სრულდება, მაშინვე იწყება სიცხის შეგრძნება. ევროპაში რთული მდგომარეობაა, თითქოს შენელდა მაღალი ტემპერატურები, მაგრამ ისევ დაიწყო ახლა. საფრანგეთში 40 გრადუსამდე ავიდა ტემპერატურა, რაც ამ პერიოდისთვის გაუგონარი ტემპერატურაა.
წელს შესაძლოა, გაგვიმართლოს და ასეთი დრამატული ტემპერატურა არ იყოს, თუმცა, იცით, რომ რამდენიმე კვირაზე მეტის პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, შესაძლოა, იქამდე გლობალური პირობები შეიცვალოს და ჩვენთანაც ივლისი-აგვისტო ასეთივე თბური ტალღები იყოს. მე უფრო ვიტყოდი, რომ უფრო მეტად მოსალოდნელია ცხელი ამინდები“, - ამბობს მამუკა გვილავამ.
მანვე ისაუბრა ზაფხულში გაგრილების გზებზე და აღნიშნა, რომ კონდიციონერები არ არის გამოსავალი, იქიდან გამომდინარე, რომ მოიხმარს დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას და ოთახის გაგრილებისას თბურ ტალღებს გარემოში გამოყოფს, რაც საქალაქო ტიპის დასახლებებში ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს.
„კონდიციონერს შენობის გაგრილების დროს სითბო გამოაქვს გარემოში, ეს ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც ქალაქებში ტემპერატურა კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე სასოფლო არეალებში. კონდიციონერები არ არის გამოსავალი. მით უმეტეს, რომ მოიხმარს სერიოზული რაოდენობის ელექტროენერგიას, თითქმის იმდენივეს, რამდენიც გამათბობლის სიმძლავრეა. კონდიციონერი არის გამოსავალი იმ შემთხვევაში, თუ სახურავზე გაქვთ მზის ენერგია.
ერთი კონდიციონერის სიმძლავრე არის 750 ვატი თუ ენერგოეფექტური. ინვერტორული ძრავით შეიძინეთ, გირჩევთ რომ ცოტა მეტი დახარჯოთ და ასეთი შეიძინოთ. კონდიციონერისთვის გჭირდებათ დაახლოებით 1 კვტ მზის ენერგია - თუ სახურავზე, ან ფანჯარაზე გექნებათ ელემენტი, კარგი იქნება. მე მაგალითად ჟალუზზე მაქვს 250 ვატიანი მზის ელემენტები, უკრაინული სტარტაპისაა, კარგი წარმოებულია, გერმანიაშიც კი აკეთებენ ექსპორტს, მათ შორის, ომის პერიოდშიც კი. ჩემი მაცივარი, რომელიც 250 ვატზე ნაკლებია, მზის ენერგიით არის დღის განმავლობაში ჩართული.
მაცივარი აუცილებლად გვჭირდება, ამის გარეშე ვერ ვიქნებით, კონდიციონერის გარეშე შეგვიძლია გავძლოთ, მაგრამ თუ გვინდა რომ კომფორტულად ვიცხოვროთ, შეგვიძლია ვიყიდოთ კონდიციონერი, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ გარემოზე და 1 კვტ მაინც მზის ენერგია სახლში უნდა გამოვიმუშაოთ“, - აცხადებს მამუკა გვილავა.
წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“