რეზონანსი
02.07.2026

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა.

შეხვედრა თურქეთის საზღვაო სამიტის ფარგლებში გაიმართა. საუბარი შეეხო საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმებს, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესსა და სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების შესაძლებლობებს. ყურადღება გამახვილდა საზღვაო უსაფრთხოების, მეზღვაურთა მხარდაჭერის, ციფრული ტრანსფორმაციისა და საქართველოს, როგორც შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი საზღვაო ჰაბის როლის გაძლიერების საკითხებზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოში, როგორც შუა დერეფნის საკვანძო ქვეყანაში სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, საპორტო სექტორში. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო საკუთარ გეოგრაფიულ უპირატესობას თანამედროვე, საიმედო და კონკურენტუნარიან სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად აქცევს და 2032 წლისთვის ქვეყანა გეგმავს დაახლოებით 7 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირებას სატრანსპორტო ქსელის მოდერნიზაციაში, რაც მოიცავს საზღვაო, სარკინიგზო, საგზაო და ციფრული მიმართულებების ერთიან განვითარებას.

ამ კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. თამარ იოსელიანის თქმით, პროექტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს უკვე აქტიურად ახორციელებს საერთაშორისოდ აღიარებული ბელგიური კომპანია Jan De Nul და 2029 წლისთვის, პირველი ფაზის დასრულებისას, პორტის გამტარუნარიანობა მინიმუმ 600,000 TEU იქნება, რაც ქვეყანას Panamax-ის კლასის დიდი გემების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

აღინიშნა, რომ შუა დერეფნის გაძლიერება პირდაპირ უწყობს ხელს გლობალური მიწოდების ჯაჭვის მდგრად და შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

IMO-ს გენერალურმა მდივანმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს საზღვაო სექტორში ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×