
სპეციალური სამხედრო ოპერაცია ნამდვილი ომივით მიმდინარეობს, რადგან კიევს მხარს უჭერენ ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და ვაშინგტონი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მიმდინარეობს ომი, ეს ნამდვილი ომია. იცით, რატომ არის ეს ომი? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია და გრძელდება, როგორც ომი, რადგან კიევს მხარს უჭერენ ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და, სამწუხაროდ, ვაშინგტონი. იმიტომ, რომ თავიანთი თანამგზავრების მეშვეობით ეხმარებიან სამიზნეებზე დარტყმაში და მთელი ინფრასტრუქტურის მეშვეობით უცხოური იარაღის ჩვენი სამიზნეებისკენ მომართვაში", - განაცხადა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, ევროკავშირი თანდათან სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად იქცევა და ეს ფაქტორი უკრაინის კონფლიქტში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.
„ეს ფაქტორი სიტუაციას ამწვავებს, ვგულისხმობ ევროკავშირის ფაქტორს, რომელიც თანდათან სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად იქცევა", - აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ფრონტზე გაუარესებული ვითარების გამო გააძლიერეს.
„რადგან ფრონტზე დინამიკა კიევისთვის ყოველდღიურად უარესდება. ჩვენი ჯარები წინ მიიწევენ", - განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გაძლიერების მიზეზების შესახებ.